Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როდის დასრულდება პანდემია – ექსპერტების პროგნოზები

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2021
გამოწერა
საქართველო პანდემიის მეხუთე ტალღას ებრძვის, ქვეყანა მეექვსე ტალღის მოლოდინშია, ამასთან, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ის შეიძლება ბოლო იყოს.
თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ბევრი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ 2022 წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება. მათ ქართველი ეპიდემიოლოგებიც ეთანხმებიან, მაგრამ პანდემიის დასრულებისთვის აუცილებელი წინაპირობებია საჭირო.
2022 წელი კორონავირუსის პანდემიისთვის ბოლო წელი იქნება, მიიჩნევს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია წლის ბოლოსთვის შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ ეპიდემიოლოგები უახლოეს დროს ელოდებიან პანდემიის მორიგ ტალღას, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ გამოიწვევს.
„2021 წელი სერიოზული გამოწვევების წელი იყო. გარკვეულწილად ჩვენ ეს გამოწვევები დავძლიეთ, მხედველობაში მაქვს კლინიკური სექტორის გამართული მუშაობა. მაგრამ იყო ისეთი მიმართულებები, სადაც პანდემიის მართვის სადავეები ხელიდან გაგვექცა. პირველი იყო ვაქცინაციის დაბალი მოცვა, ქვეყანა ვერ გავიდა სამიზნე მაჩვენებელზე. უნდა ყოფილიყო აცრილი მოსახლეობის 2/3, მაგრამ რეალურად აცრილია ერთ მესამედზე ცოტა მეტი (თუ ავიღებთ ზრდასრულ მოსახლეობას) და სრული მოსახლეობის ერთი მეოთხედი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 90%-მდე ვაქცინირებულია, მათ შორის ბუსტერ-დოზებით, კორონავირუსის გავრცელება დასრულდება 2022 წლის შუა პერიოდში, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძენ Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

„სავარაუდოდ, ეს იქნება სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა თარიღები. ის ქვეყნები, სადაც აქვთ ორი დოზით ვაქცინაციის მაღალი პროცენტი და სადაც გაკეთდება მეტი ბუსტერ-დოზა, სავარაუდოდ, დაამარცხებენ კორონავირუსს 2022 წლის შუა პერიოდისთვის. ვირუსი, ბოლოს და ბოლოს, ამოწურავს თავის პოტენციალს და ჩვენ ველოდით იმ მუტაციას, რომელიც გაზრდიდა შემთხვევების რაოდენობას, მაგრამ შეამცირებდა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. სწორედ „ომიკრონი“ გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ეს უკანასკნელი მუტაციაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, პანდემია საქართველოში დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ აცრილი იქნება ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 70%. მაგრამ ამჟამად არ არსებობს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ამ მაჩვენებელს ხუთ-ექვს თვეში მიაღწევს, განაცხადა მან.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ შტამისთვის დამახასიათებელი სწრაფი გავრცელება აფიქრებინებს სპეციალისტებს, რომ საქართველოში COVID-19-ის მეექვსე ტალღა იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. ამ პერიოდში ქვეყანაში დღე-ღამეში 9-10 ათას ინფიცირებულს ელოდებიან, ყველაზე უარეს შემთხვევაში - მინიმუმ 15 ათასს, განაცხადა ექსპერტმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. პირველი ორი შემთხვევა ლაბორატორიულად 20 დეკემბერს გამოვლინდა. ორივე შემთხვევა შემოტანილია ქვეყნის ფარგლებს გარედან. ერთი ინფიცირებული ამერიკიდან ჩამოვიდა, მეორე - დუბაიდან. შემდეგ ვირუსი დაუდასტურდა თითქმის ყველ იმ პირს, ვისთანაც მათ კონტაქტი ჰქონდათ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 934.741 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 895.315 პაციენტი, გარდაიცვალა 13.800 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0