პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2021
გამოწერა
ოპოზიცია კანონპროექტის მიღებას დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას დასჯად აფასებს.
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 13-მა წევრმა. კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.
ოპოზიცია კანონპროექტს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას დასჯად აფასებს.
ცვლილებების თანახმად, არსებული სამსახურის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს თანამდებობის პირების დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მონიტორინგს გაუწევს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოსმენების საკითხს.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას – სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელი დანაშაულების გარდა, მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე, პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.
საკანონმდებლო ცვლილებების სამი მოსმენით მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0