სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება: კანონპროექტის დამტკიცებამდე სულ ცოტა დარჩა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სსხდომა
პარლამენტის სსხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
სამსახურის თანამშრომლების შემდგომ დასაქმებასთან დაკავშირებით წინადადება ირაკლი კობახიძემ წამოაყენა
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.
გუშინ ხმაურის და ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა საკომიტეტო განხილვები, დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავიდა.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 13-მა პარლამენტარმა.
უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება და მის ნაცვლად შეიქმნება ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს თანამდებობის პირების დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუწევს მონიტორინგს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოსმენების საკითხს.
დეპუტატების ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას, რათა მან გამოიძიოს ყველა ის დანაშაული, სადაც საჯარო მოხელეები ფიგურირებენ. ორივე სამსახურის უფროსს პრემიერთან არსებული კომისია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადდებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს ცხრა დეპარტამენტია, სადაც დაახლოებით 120 თანამშრომელია. ისინი უწყების გაუქმების შედეგად ჩამოყალიბებულ სამსახურებში დასაქმდებიან.
„გვაქვს ასეთი წინადადება: საგამოძიებო დეპარტამენტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ავტომატურად, კანონის ძალით საკუთარი პოზიციები შეუნარჩუნდეს. შესაბამისად, ისინი წარმოდგენილი იქნებიან ახალ საგამოძიებო სამსახურში“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტს და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს, კობახიძის თქმით, ეს ის დეპარტამენტებია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება.
„გთავაზობთ, რომ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები ავტომატურად, უკონკურსოდ წარმოდგენილი იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალ სამსახურში“, - განაცხადა კობახიძემ.
შედარებით რთულია საკითხი, რაც ადმინისტრაციული ფუნქციების მატარებელ დეპარტამენტებს უკავშირდება. ადმინისტრაციული ფუნქციებით კი შვიდი დეპარტამენტია დატვირთული.
„ამ შემთხვევაში, გთავაზობთ, რომ თანამშრომლებს საკუთარი არჩევანისა და ნების შესაბამისად მიეცეთ ამ ორ ახალ სამსახურში გადანაწილების საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, პროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღება ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, სამი მოსმენით მიღების შემთხვევაში ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან შევა.
ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას არ აწყობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო და ამას ამ ორგანოს პოლიტიზების მცდელობად თვლიან. იმავდროულად, მმართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავადვე ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0