საქართველოს პრეზიდენტმა მეცნიერებისა და ლიტერატურის მოღვაწეები დააჯილდოვა
© AFP 2024 / ERIC LALMANDსალომე ზურაბიშვილი
© AFP 2024 / ERIC LALMAND
გამოწერა
სახელმწიფოს მეთაურმა წარმატებული ქართველი მწერლებისა და მეცნიერების მიღწევები აღნიშნა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
„მეცნიერება, კულტურა, ცოდნა და შემოქმედება არის ის, რაც დღეს გვაერთიანებს, ამიტომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სახელწიფოსთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლაურეატებს სახელმწიფოს მიერ მათი შრომისა და ღვაწლის აღიარება მიულოცა.
„ეს პრემიები მართლა შევა ჩვენს ისტორიაში, როგორც სახელმწიფოს მიერ თითოეულ დარგში ამ ადამიანების ღვაწლის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი. ეს თითოეული ნომინანტის პატივისა და ნდობის ნიშანი და მათი შემოქმედების და შრომის ძალიან დიდი აღიარებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
2020 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:
ალექსანდრე შენგელაიას - ნაშრომთა ციკლისათვის „მაღალტემპერატურული ზეგამტარებისა და დაბალგანზომილებიანი მაგნეტიკების ექსპერიმენტული კვლევა“
გიორგი კვესიტაძეს, გია ხატისაშვილსა და თინათინ სადუნიშვილს - ნაშრომისათვის „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.
2021 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:
თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს - სამეცნიერო-საცნობარო ნაშრომისათვის „ოფიცრის ატლასი“;
რამაზ ქაცარავას, დავით ტუღუშსა და ვახტანგ ბერიძეს - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის „პოლიმერული ბიომიმეტიკები - ცილების ანალოგები მრავალპროფილიანი გამოყენებისათვის - დიზაინიდან კომერციალიზაციამდე“.
ხოლო 2021 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭათ:
მაყვალა გონაშვილს - ლექსების კრებულისათვის „ძახილი“
თეიმურაზ გოცაძეს - მონუმენტური ფერწერული კომპოზიციისათვის „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე
ვახტანგ კახიძეს - მუსიკალური ნაწარმოებისათვის „საშობაო ტრილოგია“ მამაკაცთა და ბიჭუნათა გუნდებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის
ომარ ნაფეტვარიძესა და გიორგი ჯაფარიძეს - არქიტექტურული ნაწარმოებისათვის „ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი“
რაულ ჩილაჩავას - ლექსების კრებულისათვის „ბედის ფორმულა“.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია სამ წელიწადში ერთხელ ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში მოღვაწეებს. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს — თითოეულ გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ პრემიას, იგი ყოველწლიურად გაიცემა. პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო და საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისთვის. პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს — თითოეულ გამარჯვებულს 10 ათასი ლარის ოდენობით.