ამერიკის N1 სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და კემბრიჯის ლიცენზირებული პედაგოგი

© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ კიდევ ერთ წარმატებულ ქართველს, მარიამ აბულაძეს გაგაცნობთ.
იგი მათ რიცხვშია, ვინც საქართველოში მიღებული განათლება უცხოეთში სრულყო და საკუთარი თავის რეალიზებაც სრულად შეძლო. თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლაც წარმატებით, წითელ დიპლომზე დაასრულა.
ამის შემდეგ ამერიკულ და ბრიტანულ ტოპ–უნივერსიტეტებში ერთდროულად ჩაირიცხა. საბოლოო არჩევანი კალიფორნიის ქალაქ ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტზე გააკეთა. ეს გახლავთ ყველაზე მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი UCLA (University of California Los Angeles), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების ტოპ–ათეულში შედის, ხოლო აშშ-ში N1 სახელმწიფო უნივერსიტეტად ითვლება. მარიამი აქ სწავლობს ბიზნესის და საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც ამავე უნივერსიტეტის დაფინანსებით 2021 წელს ჩაირიცხა. ამის გარდა ის კემბრიჯის უნივერსიტეტის ლიცენზირებული ინგლისური ენის პედაგოგიც არის.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- მარიამ, როგორ გახსენდებათ ბავშვობა, რომელიც საქართველოსთან გაკავშირებთ?
- ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც დამეხმარა ინტერესებისა და კარიერული გეგმების ფორმირებაში, საქართველოს უკავშირდება. ვთვლი, რომ ადამიანის საქმისადმი დამოკიდებულება დაწყებითი განათლების საფეხურიდან ყალიბდება, ამიტომ ამ პერიოდში შეძენილი უნარ-ჩვევები, განსაკუთრებით, მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და საკუთარ თავზე მუშაობის დისციპლინა სწორედ ადრეული ასაკიდან გამომიმუშავდა. ჩემი ბავშვობა ყოველთვის საინტერესოდ იყო დატვირთული სხვადასხვა აქტივობით, რომელსაც უმეტესად აკადემიური ხასიათი ჰქონდა. სკოლის პერიოდი კი გარდამტეხი აღმოჩნდა კარიერული არჩევანის გაკეთებისას. საქართველოში დავამთავრე წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ოქროს მედლით. გამიმართლა, რომ აქ მასწავლიდნენ ისეთი პედაგოგები, რომელთაგან არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მივიღე, არამედ მათი დახმარებით ჩამომიყალიბდა მეცადინეობისადმი ჯანსაღი, ინტერესით სავსე დამოკიდებულება. ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტში სწავლის ერთ-ერთი თავისებურება ე.წ. Self-study, ანუ თვითსწავლაში გამოიხატება, რისთვისაც მე მზად აღმოვჩნდი სწორედ იმ უნარ-ჩვევების მეშვეობით, რაც საქართველოში სწავლისას მივიღე.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- თქვენი ცხოვრების შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სამართალს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება...
- დიახ, ასეა, და ვთვლი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2020 წელს წითელი დიპლომით დავამთავრე. სწორედ აქ მიღებულმა განათლებამ და პროფესიის მიმართ სიყვარულმა გადამაწყვეტინა გამეღრმავებინა ცოდნა და სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეგრძელებინა.
- როდესაც არჩევანის გაკეთება პრესტიჟულ ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის მოგიწიათ, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა ამერიკულს, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი „ამერიკული ოცნება“ ახდა?
- ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, რაც აქამდე მიმიღია, იყო არჩევანის გაკეთება ამერიკულ და ბრიტანულ ტოპ–უნივერსიტეტებს შორის, სადაც ერთდროულად ჩავირიცხე. თუმცა, ამერიკამ მიმიზიდა იმ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რასაც ის (არა მხოლოდ) ამერიკული განათლების მქონე ადამიანებს სთავაზობს. რაც შეეხება ოცნებას, დაუღალავი შრომის გარეშე, ვფიქრობ, ვერც ერთი, მათ შორის, ამერიკული ოცნებაც ვერ ახდება. ჩემთვის ამერიკასთან პირველი შეხვედრაც სწორედ ასეთი იყო - დაუღალავი შრომის შედეგი. თუმცა, რაც უფრო დიდი შრომის ფასად გვიჯდება მიზნის მიღწევა, მით უფრო სასიამოვნოა შედეგიც. ამიტომ ვთვლი, რომ ამერიკამ ჩემს პროფესიულ განვითარებას ძალიან სწორი მიმართულება მისცა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვაპირებ ჩავაბარო კალიფორნიის შტატის საადვოკატო გამოცდა, რომელიც აშშ-ის შტატებს შორის ყველაზე დიდი სირთულით გამოირჩევა.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე ლექციაზე
მარიამ აბულაძე ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე ლექციაზე
- ვიცი, რომ იურისტის გარდა, ლიცენზირებული პედაგოგიც ხართ...
- დიახ, გარდა იურიდიული პროფესიისა, მაქვს მეორე კვალიფიკაციაც, რომელიც კემბრიჯის უნივერისტეტში ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად მოვიპოვე. კერძოდ, ვარ კემბრიჯის უნივერსიტეტის ლიცენზირებული ინგლისური ენის პედაგოგი და შემიძლია ამ პროფესიით მსოფლიოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვიმუშაო.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- როგორც იურისტ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი, რა პროექტებს ახორციელებთ?
- დიახ, გარდა აკადემიური საქმიანობისა, UCLA-ში ამირჩიეს ამავე უნივერსიტეტის იურისტ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტად. მიმდინარე აკადემიური წლის განმავლობაში, მიუხედავად კოვიდ-პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვებისა, პროექტებს მაინც ვახორციელებთ. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვთანამშრომლობთ პროფესორებთან და ვაფინანსებთ არაერთ პროექტს როგორც საერთაშორისო, ისე ამერიკელი სტუდენტებისთვის. მაგალითად, ამ ეტაპზე ვგეგმავთ მენტორთა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც აკადემიური ან/და კარიერული საჭიროებების მქონე სტუდენტები შეძლებენ დაუკავშირდნენ ამავე უნივერსიტეტის ალუმნებს (კურსდამთავრებულებს) და მათგან შესაბამისი დახმარება მიიღონ. გარდა ამისა, ჩართული ვარ უნივერსიტეტის კვლევით პროგრამაშიც და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებს მათ მიერ შერჩეული აქტუალური საკითხების კვლევაში ვეხმარები.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- ყველაზე მეტად რა მოგწონთ ამერიკული ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებში?
- უშუალობა და მიმღებლობა. პირველ რიგში ვგულისხმობ განსხვავებული აზრის მიმღებლობას, რაც, ცხადია, აპრიორი არ გულისხმობს ყველა განსხვავებული აზრის გათვალისწინებას. მაგრამ ის ფაქტი, რომ ყველას აქვს გარანტია, რომ მის აზრს მოისმენენ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამერიკული კულტურის ნაწილია. როგორც უცხოელისთვის, ჩემთვის დასაფასებელია ის, რომ აქ ჩამოსვლისთანავე თავს მათ ნაწილად ვგრძნობ. არ არსებობს, ან ფაქტობრივად მინიმუმამდეა დაყვანილი კულტურული, ლინგვისტური თუ სხვა სახის ბარიერები.
© courtesy of Mariam Abuladzeუცხოელ სტუდენტებთან ერთად
უცხოელ სტუდენტებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
უცხოელ სტუდენტებთან ერთად
- ამერიკა ფედერალური სახელმწიფოა და სამართლებრივი სისტემის თვალსაზრისით საქართველოსგან ბევრი რამით განსხვავდება...
- ამერიკაში თითოეულ შტატს თავისი კონსტიტუცია და, შესაბამისად, თავისი იურისდიქცია გააჩნია. შესაბამისად, როდესაც იურისტს სურს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, მან უნდა ჩააბაროს კონკრეტული შტატის გამოცდა, სადაც სურს იყოს ლიცენზირებული. ეს კი თავისთავად განსხვავებულს და საინტერესოს ხდის ამ პროფესიის სპეციფიკას და განასხვავებს მას ქართული მოდელისგან. ამ განსხვავების უფრო მკვეთრად წარმოსაჩენად აშშ-ში ფედერალურ დონეზე ფუნქციონირებს ე.წ. მოძრავი საგადასახადო სასამართლო, რომელიც გადაადგილდება სარჩელის წარმდგენი პირის საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით და ასე განიხილავს საგადასახადო დავებთან დაკავშირებულ საქმეებს. აღნიშნულ სასამართლოში ყველა მოსამართლე აუცილებლად საგადასახადო სამართლის სპეციალისტი უნდა იყოს. ცხადია, მსგავსი სისტემა საქართველოსთვის უცხოა.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- რომელია ამერიკული კანონი, ან სტანდარტი, რომელიც ქართულ სინამდვილეშიც გაამართლებდა?
- კანონი, რომელიც საქართველოში გაამართლებდა, ვფიქრობ, კვლავ განათლებასთან კავშირში უნდა იყოს. იურიდიული განათლების შემდეგ ზოგიერთი სპეციალისტი პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა, ზოგი - აკადემიურ საქმიანობას აგრძელებს. ამერიკული სტანდარტით, იურიდიული ფაკულტეტის დასამთავრებლად თითოეული სტუდენტი სწავლების ბოლო სემესტრებში ვალდებულია გაიაროს უნივერსიტეტის მიერვე უზრუნველყოფილი სტაჟირება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით. ან იმუშაოს კვლევით პროექტზე და იგი შესაფასებლად წარუდგინოს ფაკულტეტს, რაც საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმებით ფასდება. ვფიქრობ, ამგვარი, ან მიახლოებული მოდელი მომავალ იურისტებს დაეხმარება იმაში, რომ მზად იყვნენ იმ რეალობისათვის, რომელშიც საქმიანობის გაგრძელება სურთ. ასეთი სავალდებულო მოთხოვნების შედეგად იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მზადაა დაიწყოს მუშაობა, რადგან მისთვის ამ საქმიანობის პრაქტიკული სპეციფიკა უკვე ნაცნობია, ხოლო ინტერესის სფერო - დავიწროებული და სპეციალიზაციაზე მორგებული.
© courtesy of Mariam Abuladzeმარიამ აბულაძე
მარიამ აბულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
მარიამ აბულაძე
- და, ბოლოს, რას ეტყოდით საახალწლოდ საქართველოში დარჩენილ ქართველ თანატოლებს, როგორი იქნება თქვენი რჩევა-სურვილები?
- საქართველოში ახალი წელი ჩემთვის ყოველთვის ოჯახურ გარემოში დასვენებასთან ასოცირდება. ხოლო ამერიკაში ცხოვრების უფრო დატვირთული რიტმიდან გამომდინარე, მალევე მიწევს ისევ აკადემიურ საქმიანობას დავუბრუნდე და ჩემს გეგმებზე ვიმუშაო. რაც შეეხება ჩემს სურვილებს, ჯერ გეტყვით იმას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს (მოსწავლეებს) აერთიანებთ ერთი რამ: ისინი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანმიმართულები არიან, იმდენად, რომ ეს მათ სხვებისგან ყოველთვის გამოარჩევს. ასეთივე ახალგაზრდები ცხოვრობენ საქართველოშიც და მიხარია, რომ უმეტესობას პირადად ვიცნობ. ამ საახალწლოდ ჩემი სურვილია, რომ მათ ჰქონდეთ მაქსიმალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინონ და თვითგანვითარებაში ჩადებული ყოველი ძალისხმევა დაუფასდეთ...
ყველა ახალი ამბავი
0