საქართველოში 2022 წელს აშშ-ის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის კონფერენცია გაიმართება

© photo: Sputnikღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2021
გამოწერა
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE ) ქართული ღვინის პოპულარიზაციას დიდ ყურადღებას უთმობს.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველო 2022 წელს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) რიგით მე-14 კონფერენციას უმასპინძლებს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონფერენცია 24-28 აგვისტოს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა–საქართველოს ბიზნეს–საბჭოს მხარდაჭერით გაიმართება.
AAWE არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხელისუფლების და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, ეკონომისტებსა და მკვლევარებს აერთიანებს. ორგანიზაციის საქმიანობა ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს მოიცავს.
გარდა ამისა, ასოციაციის საქმიანობა ითვალისწინებს მარკეტინგის, წარმოების, მაკროეკონომიკისა და იურიდიულ თემებს, ასევე რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებზე.

„AAWE-ს წლიური კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანას, მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

AAWE -ს მე-13 კონფერენცია 2019 წელს ვენაში გაიმართა.
აშშ ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ღვინის კერძო მწარმოებლებთან თანამშრომლობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის მარტში AAWE-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით აშშ-ში ღვინის იმპორტი 9,4%-ით შემცირდა.
მიუხედავად ამისა, 2020 წელს აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ფასმა 21,4%-ით მოიმატა და 3,93 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0