საეკლესიო კალენდარი: 28 დეკემბერი

© photo: Sputnik / Stringerანჩისხატის ეკლესია
ანჩისხატის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 დეკემბერს მღვდელმოწამე ელევთერისა და მისი დედის მოწამე ანთიას, მოწამე კორივი ეპარხოსის, ღირსი პავლე ლატრელის, მოწამე ელევთერის, ღირსი პარდოს განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამენი: ელეფთერი, დედა მისი ანთია და კორივ ეპარქი
ელეფთერის დედა დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი იყო. მან, ქრისტიანობაზე პავლე მოციქულის მიერ მოქცეულმა და მისი ხელითვე მონათლულმა, შვილიც ღვთისმოშიშებით აღზარდა. როცა ელეფთერის თხუთმეტი წელი შეუსრულდა, რომის პაპმა, ანაკლეტუსმა (76-88) იგი დიაკვნად აკურთხა, სამი წლის შემდეგ კი - მღვდლად დაასხა ხელი. ოცი წლის ასაკში ელეფთერი (ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია ეკლესიის ისტორიაში) ილირიის ეპისკოპოსად დაადგინეს. ახალგაზრდა მეუფე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მრავალ წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდანი ღვთაებრივი მადლით იყო აღსავსე, მთლიანად უფალს იყო მინდობილი და ამიტომაც მის ყოველგვარ უძლურებასა და ადამიანურ ნაკლს სულიწმიდის მადლი აღავსებდა.
ფსკვნილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
საეკლესიო კალენდარი: 27 დეკემბერი
როცა ღვთისმოძულე იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპისკოპოსი ელეფთერიც შეიპყრეს. უსჯულო მეფის ბრძანებით ელეფთერს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ანთია მადლობდა უფალს, რომელმაც მისი ძე ქრისტესთვის ვნების ღირსი გახადა. ამის შემდეგ ანთიაც თავის მოკვეთით დასაჯეს. ეპარქმა კორივმა თავადაც ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ისიც სიკვდილით დასაჯეს. მართლმორწმუნეებმა უფლის რჩეულთა ცხედრები პატივით დაკრძალეს.
ღირსი პავლე ლატრელი
ღირსი პავლე ლატრელი ქალაქ ჰელენის მკვიდრი იყო. მან მამა ადრე დაკარგა და ფრიგიაში, წმიდა სტეფანეს სავანეში აღიზარდა. შემდეგ კი მილეტის მახლობლად, ლატრის მთაზე დაიწყო მოსაგრეობა. სრულყოფილების კიდევ უფრო მაღალი საფეხურებისკენ მოსწრაფე მამა გამოქვაბულში დაეყუდა და განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (912-959) ხშირად ეპისტოლეებით მიმართავდა უფლის რჩეულს და ლოცვა-კურთხევასა და რჩევა-დარიგებებს სთხოვდა. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა აღსასრულის მოახლოება და 955 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
ნარიყალა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
საეკლესიო კალენდარი: 26 დეკემბერი
წმიდა მოწამე ელეფთერი
წმიდა მოწამე ელეფთერი იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის (284-305; 307-311) კარზე დაახლოებული დიდგვაროვანი და მდიდარი კარისკაცი იყო. ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ იგი განერიდა სასახლეს და ცდილობდა, ლოცვითა და კეთილი საქმეებით სათნოჰყოფოდა უფალს. ბოლოს ერთმა მსახურმა იმპერატორთან დაასმინა ნეტარი ელეფთერი. უსჯულო თვითმპყრობელი ამაოდ ეცადა, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადაედრიკა წმიდანი, რის შემდეგაც მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ძაღლების საგლეჯად და ფრინველების საკორტნად მიგდებული მისი ცხედარი ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა პატივით მიაბარა მიწას.
ღირსი პარდოს განდეგილი
ღირსი პარდოს განდეგილი რომში დაიბადა. სიჭაბუკეში იგი მეეტლედ მსახურობდა. ერთხელ, როცა ნეტარი იერიქონისკენ მიემგზავრებოდა, მისმა ეტლმა პატარა ბავშვი გაიტანა. თავზარდაცემული პარდოსი ბერად აღიკვეცა და არიონის მთას მიაშურა. იგი თვლიდა, რომ მსჯავრი უნდა მოეხადა, როგორც მკვლელს და სიკვდილს ეძიებდა. პარდოსი ლომის ბუნაგში მივიდა რომ მისგან დაგლეჯილს ამოხდომოდა სული, მაგრამ ამაოდ. განდეგილი ღვთის ნებას დამორჩილდა, თავის მთას დაუბრუნდა და მარხვასა და ლოცვაში გალია სიცოცხლე (VI).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0