ენერგოკრიზისი ზემო სვანეთში: Energo-Pro Georgia-ს განცხადება

© photo: Sputnik / Elisabeth Zhudroსვანეთი ზამთარში
სვანეთი ზამთარში - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2021
გამოწერა
Energo-Pro Georgia სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე.
თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბოლო დროს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, რაც გამოწვეულია ქსელების გადატვირთვითა და დაზიანებებით.
რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად - 3,5-ჯერ არის გაზრდილი.
დღეს მესტიაში ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად ვერტმფრენისა და სპეცტექნიკის ჩართვა გახდა საჭირო, რაც მეტად სარისკო და მძიმე გადაწყვეტილება იყო, აღნიშნეს კომპანიაში.
„ტექნიკურმა ჯგუფებმა მოკლე დროში, წარმატებით შეასრულეს ურთულესი დავალება. ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოახდინეს ავარიის ადგილის იდენტიფიცირება და შემდგომ მისი აღდგენა. ყველა ასეთი ღონისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე“, - განაცხადა ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
როგორც კომპანია Energo-Pro Georgia-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ფიქსირებული სქემით, ჩართულია მაღალი ძაბვის ორივე ხაზი.
ბოცვაძის განცხადებით, მესტიაში არსებული მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან, მისი თქმით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ ფიქსირდება.
„მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს“, - განაცხადა ბოცვაძემ.
როგორ განცხადებაშია აღნიშნული, გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად Energo-Pro Georgia სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. კომპანიაში ავარიების მთავარ მიზეზად უკანონოდ მიერთებულ მაინერებს ასახელებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი გადაიჭრება.
„გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე“, - განაცხადა ბოცვაძემ.
კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები იმ უბნების და ლოკაციების გამოსავლენად, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად მაღალია. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გატარდება ქმედითი ღონისძიებები და შესაბამისი უწყებები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებენ უკანონო „მაინერების“ ამოღებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მერიის განცხადებით, ამოღებული „მაინერების“ და მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება.
მესტიაში მაინინგ-ფერმების დიდი რაოდენობით გაჩენა უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დაწესებული. სპეციალური შეღავათების წყალობით ელექტროენერგიას მოსახლეობა უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
წყარო - ენერგო პრო ჯორჯია /Energo pro Georgia, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა ახალი ამბავი
0