მინისტრი: მესტიის მოსახლეობას კრიპტოვალუტის არალეგალური მაინინგი არაფერში სჭირდება

© photo: Sputnik / Elizabeth Joudroმესტია
მესტია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და ადგილობრივები ერთმანეთს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მაინერების გათიშვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. მაღალმთიანი მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტულად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ სჭირდება ისეთი არალეგალური საქმიანობა, როგორიცაა კრიპტოვალუტის მაინინგი, განაცხადა ბრიფინგზე მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბოლო დროს ელექტროენერგია ძალიან ცუდად მიეწოდება, რაც გამოწვეულია ქსელების გადატვირთვითა და დაზიანებებით რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის რეკორდულად გაზრდილი მოხმარების გამო.

„ხშირია მაღალი მოთხოვნა-მოხმარება და ხაზების გადატვირთვა. ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი. ნუ დაგვავიწყდება, რომ მესტია ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ზამთრის კურორტია... ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის სიტყვებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება დროულად ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. თუმცა პროცესი მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეულ გამოწვევებს აწყდება.
კომპანია Energo-Pro Georgia-ს ინფორმაციით, რომელიც საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, მესტიის მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისთვის აუცილებელია 7 მეგავატი ელექტროენერგია. ეს მაშინ, როცა ამჟამად მუნიციპალიტეტი 27 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც ძირითადად გამოწვეულია მაინერების დიდი რაოდენობით. გასული წლების მაჩვენებლებთან შედარებით, წელს მოხმარება 237%-ით გაიზარდა.
მესტიაში მაინინგ-ფერმების დიდი რაოდენობით გაჩენა უკავშირდება ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა დაწესებული. სპეციალური შეღავათების წყალობით ელექტროენერგიას მოსახლეობა უფასოდ იღებს, შუქის საფასურს მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ განგაში ატეხა და მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვას მაინინგზე, რადგან ამის გამო მუნიციპალიტეტი შესაძლოა შუქის გარეშე დარჩეს.

„ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნულია მესტიის მერიის განცხადებაში.

ამჟამად ენგურჰესის ხაზი დაზიანებულია და ელექტროენერგია მუნიციპალიტეტს „ლაჯანურის“ ალტერნატიული ხაზით მიეწოდება, რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად Energo-Pro Georgia-ს უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება, ვიდრე ხაზი არ შეკეთდება.
მესტიის მერია მცხოვრებლებს მოუწოდებს, „გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გამორთონ მაინერები და დაუბრუნდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება“.
მესტიის მოსახლეობა, თავის მხრივ, მერიას მოუწოდებს, მიიღოს მკაცრი ზომები და მაინინგი აღკვეთოს. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობამ მესტიის ცენტრში აქცია გამართა.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF ) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
წყარო - ეკონომიკის სამინისტრო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
ყველა ახალი ამბავი
0