გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლისგან გაწმენდა
თოვლისგან გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
გამოწერა
ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო საქართველო–რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა 21 დეკემბერს აიკრძალა, ხოლო ტრაილერებისთვის – 17 დეკემბრიდან.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
გუდაური–კობის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
ყველა ახალი ამბავი
0