საეკლესიო კალენდარი: 25 დეკემბერი

© photo: Sputnik / Stringerმრევლი
მრევლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმიდა სპირიდონის, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის, ღირსი მამა იოანეს, ზედაზნის წინამძღვრის, მღვდელმოწამე ალექსანდრეს და მოწამე სინეზის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე.
წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი
წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა.
ღირსი მამა ჩვენი იოანე, ზედაზნის წინამძღვარი, სარკინოზთაგან წამებული
წმიდა იოანე მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, რომელიც დააარსა ღირსმა იოანე ზედაზნელმა ანტიოქიიდან ჩამოსულმა ბერმა, რომელიც ღვთისმშობლის გამოცხადებით მოვიდა ქართლში სარწმუნოების განსამტკიცებლად და ქვეყანაში ბერ-მონაზვნური ცხოვრების ასაღორძინებლად.
სიწმიდითა და ძმათამოყვარეობით გამორჩეული წმიდა იოანე ზედაზნის მონასტრის წინამძღვრად იქნა დადგენილი. სულიერების ეს ერთ-ერთი უდიდესი კერა IX საუკუნეში არაბთა შემოსევების შემდეგ სარკინოზთა რბევის საგნად იქცა. ერთ-ერთი შემოსევის დროს არაბებმა შეიპყრეს და წამებით მოკლეს მონასტრის წინამძღვარი იოვანე.
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.
წმიდა მოწამე სინეზი
წმიდა მოწამე სინეზი რომაელი იყო. იგი რომის ეკლესიაში წიგნისმკითხველად მსახურობდა პაპ სიქსტეს (257-258) დროს. იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უფლის რჩეული საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0