პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა – ვიდეო

© Government of Georgiaკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. მე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება თავად კუჭავას, მისი თქმით, გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არაა ერთი-ორი დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ჩემს გუნდთან ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში“, – განაცხადა მან.
გადადგომის მიზეზებზე საუბრისას კუჭავამ ასევე დაამატა: „შემდეგ წელს გაიგებთ უფრო მეტს იმ პროექტზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.
ყველა ახალი ამბავი
0