სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს – ვიდეო

გამოწერა
საქართველო სახალხო არტისტს, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს გამოემშვიდობა.
„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მომღერალი და ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ჭკუასელის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ტაძარში მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. სახალხო არტისტი მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალეს.
ჯემალ ჭკუასელი იყო საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. ის 1986 წელს სათავეში ჩაუდგა ანსამბლ „ერისიონს“.
ჭკუასელმა შექმნა თანამედროვე შოუ-პროგრამა, რომელსაც ანსამბლი დღემდე უჩვენებს მთელ მსოფლიოს. ამჟამად „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი მისი ვაჟი შერმადინ ჭკუასელია.
ჯემალ ჭკუასელმა ცხოვრების განმავლობაში უამრავი ჯილდო მიიღო. ქართულ ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის 2015 წელს მან კულტურის სამინისტროსგან მიიღო უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“. 1997 წლიდან ჭკუასელი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
სახალხო არტისტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0