25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება

© Sputnik / Vladimir Umikashviliგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
გამოწერა
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია და ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მესტიის, გუდაურისა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტები დამსვენებლებს ახალი ინფრასტრუქტურით დახვდებიან.
მესტიაში ამოქმედდება როგორც ღია ტიპის საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან, ისე ზურულდის მთის ათადგილიანი გონდოლის ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1.800 მგზავრი იქნება, მისი სიგრძეა 1.421 მეტრი. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს ჯამში 7 კმ სიგრძის ოთხი სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურეზეა გათვლილი.
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
როგორ ემზადებიან ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტები
რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო არეალს, კურორტზე არის ხუთი საბაგირო და ხუთი სათხილამურო ტრასა.
კურორტ გუდაურში ამუშავდება 18 საბაგირო. დამსვენებლები ისარგებლებენ ჯამში 70 კმ სიგრძის 22 სასრიალო ტრასით. კურორტ გოდერძიზე კი არის ორი დიდი საბაგირო, ერთი მოძრავი ხალიჩა და 7 კმ სათხილამურო გზა.
მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს.
რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო ტრასას, 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.
სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გარკვეული წესები და კოვიდ-შეზღუდვებია დაწესებული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ მფლობელები შეძლებენ საბაგირო გზებით სარგებლობას, სასტუმროებში დაბინავებას, რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობას.
შემცირდება გონდოლაში მგზავრების რაოდენობაც. კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანის ნაცვლად ერთ გონდოლაში რვა ადამიანი განთავსდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0