ვილი სანიოლი: საინტერესო ჯგუფში მოვხვდით

© AFP 2024 / VANO SHLAMOVსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
გამოწერა
მარტში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადების ფარგლებში ორ ტესტ-მატჩს გამართავს
თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 2022/2023 სეზონის უეფას ერთა ლიგის გათამაშების წილისყრის შედეგები შეაფასა.
„საქართველო საინტერესო ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი იქნებიან. მაკედონია ქართული ფეხბურთისთვის ცუდ მოგონებებს უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რევანშის აღება სურთ. ბულგარეთთანაც ახლახან ჩავატარეთ ამხანაგური მატჩი, თუმცა ოფიციალურ თამაშს სულ სხვა კონტექსტი აქვს. გიბრალტარიც მებრძოლი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ჯგუფის მოგება, თუკი შევინარჩუნებთ იმ დისციპლინას, რომელიც ბოლო ორ თვეში ვიხილეთ“, - მოჰყავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს სანიოლის სიტყვები.
© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
Вилли Саньоль - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2021
ვილი სანიოლი
ამასთან ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მარტში საქართველოს ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს, რომელიც უეფას ერთა ლიგის ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი იქნება.
წილისყრასთან დაკავშირებით კომენტარი ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამაც გააკეთა.
„ყველა მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში უკვე რამდენჯერმე შევხვდით. ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი ისეთი ნაკრებები არიან, ვისთანაც შეხვედრა გვსურდა. მათთან წარუმატებელი მატჩები გვქონდა და ამ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვეძლევა. კარგად ნაცნობი მეტოქეები არიან და ჩემი აზრით რეალურია, რომ მიზნად დავისახოთ ჯგუფის მოგება“, - განაცხადა კაშიამ.
2022/2023 სეზონის უეფას ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრები C დივიზიონის C4 ჯგუფში ითამაშებს. ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალი წლის ივნისსა და სექტემბერში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი უეფას ერთა ლიგაზე:
2 ივნისი, საქართველო - გიბრალტარი
5 ივნისი, ბულგარეთი - საქართველო
9 ივნისი, ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო
12 ივნისი, საქართველო - ბულგარეთი
23 სექტემბერი, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია
26 სექტემბერი, გიბრალტარი - საქართველო.
უეფას ერთა ლიგა არის დამატებითი შანსი ეროვნული გუნდებისთვის მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. გასული წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრები გავიდა ტურნირის ფინალში, სადაც მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან და უეფას EURO-2020-ზე კვალიფიკაციის დაძლევის შანსი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0