შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას? მხარეთა რეაქციები

© Government of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ამოცანა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა შეასრულა და საერთო ეროვნული შერიგების გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგა. მან პრეზიდენტის რეზიდენციაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები შეკრიბა.
ზუსტად ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებდა ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის აღმოფხვრის ამოცანას. მალევე მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევაც მიიღო და ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე მოსაწვევები დაუგზავნა.
თუმცა ზურაბიშვილის მიწვევა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა.
შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტმა მოლაპარაკებების სამი პრინციპი გაუზიარა – პროცესის ინკლუზიურობა, ანუ ყველა მხარის მონაწილეობა, გამჭვირვალობა და არავითარი წინაპირობები.
მთავარია სამართლიანობა
სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივას მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა. თუმცა დასძინა, რომ შერიგება სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

„ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. რაც შეეხება შერიგებას, შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან", – აღნიშნა კობახიძემ.

მისი აზრით, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსულის, კერძოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობის შეფასება არის წინაპირობა იმისა, რომ პროცესი იყოს წარმატებული.
„თუ ეს შეფასება გაკეთდება, ამ შემთხვევაში უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც ჰქვია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის... ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს უწოდებენ მესამე პრეზიდენტს და ამ კლიშეებს ამკვიდრებენ, პატივს არ სცემენ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს", – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუასთვის მიუღებელია მხარეთა შესარიგებლად სააკაშვილის გათავისუფლების პირობა.
„ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან შერიგება "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია. მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა", აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს", – აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიციის პოზიცია
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა და ოპოზიციური პარტია "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მიღებაზე არ დასმულა. თუმცა დასძინა, რომ პრეზიდენტი მწვავედ აფასებს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
ზურაბიშვილმა შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა: ვინ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა
„გამოსავლის პოვნის სურვილი მისასალმებელია. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების" მზადყოფნას ამ მიმართულებით. თუმცა მიუხედავად ამ სკეპტიციზმისა, მოვედი სწორედ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვა გამოსავლის პოვნის აუცილებლობას", – აღნიშნა ბურჯანაძემ.
პარლამენტის ექს-სპიკერის, ამჟამად ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ბაქარაძის სიტყვებით, ეროვნული თანხმობა შეუძლებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე. თუმცა, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მათ ჯერ არ მოუსმენიათ პრეზიდენტის პოზიცია.
„მისი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ პროცესი გაგრძელდეს. ის მზად არის შეხვდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმის გამო, რომ ეს იყო პირველი შეხვედრა, ჩავთვალოთ, რომ დეტალებზე საუბარი არ შედგა. იმედი მაქვს, შემდეგ პროცესში, როდესაც პარტიებთან შეხვედრა შედგება, ყველა დეტალზე იქნება საუბარი", – აღნიშნა ბაქრაძემ.
ოპოზიციური პარტია „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ შერიგების თვალსაზრისით ახლა საჭიროა პოლიტიკოსები პრეზიდენტის შემდგომ ნაბიჯებს დაელოდონ.
„პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არ იქნება სწრაფი პროცესი და ხვალ არ გადაწყდება, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ხალხმა დაილაპარაკა. შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. ისეთი საუბარი არ იყო გუშინ, რომ შედეგის პროცედურა დავიწყოთ და ახლა გზაში ვართ. შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი დასაფასებელია, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ყინულის დაძვრას მოახერხებს. ვნახოთ", – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვედრას პროგრესული უწოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს შერიგების ინიციატივაზე კურთხევა სთხოვა
„ერთ სივრცეში შეკრება, როცა ამას ფასილიტატორები არ ესწრებოდნენ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქართველებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ვისწავლოთ. ამ საუბრის დასაწყისია ის, რომ ერთმანეთს შევხვდით, მივესალმეთ და ამის შემდეგ შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას. ეროვნული თანხმობა აუცილებელია, რათა იმ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაც ქვეყანას აქვს", – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პრეზიდენტის გამოსვლა უყურადღებოდ არც სააკაშვილს დაუტოვებია
"მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია – ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას. ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება", – დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე სააკაშვილმა.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის მორიგი ტალღა ოქტომბერში ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა და სააკაშვილის დაპატიმრებამ გამოიწვია.
სააკაშვილის თანამებრძოლები და მხარდამჭერები პრაქტიკულად ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ისინი ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური მოტივებით დევნაში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობამ პარლამენტის მუშაობას ბოიოტი გამოუცხადა და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, თავის მხრივ, "ნაცმოძრაობას" დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებენ.
ყველა ახალი ამბავი
0