იპოდრომთან მდებარე ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია მერიამ აუქციონზე გაყიდა

© press-service of the Tbilisi City Hallთბილისის იპოდრომი
თბილისის იპოდრომი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
5 მილიონი ლარის ინვესტიცია, არანაკლებ 3 საჩოგბურთო კორტი და სპორტული სივრცეების მოწყობა – ამ პირობების დაკმაყოფილება გამარჯვებულ კომპანიას 2 წლის ვადაში მოუწევს.
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. იპოდრომთან მდებარე ყოფილი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა. გამარჯვებული შპს „კორტები“ გახდა, და იქ ისევ საჩოგბურთო კორტები და სპორტული სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც არსებული სივრცე შეისყიდა, გადაეცემა საკუთრების უფლება და ვალდებულება – ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში განახორციელოს 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, მოაწყოს არანაკლებ 3 საჩოგბურთო კორტი, ასევე მოაწყოს სპორტული დანიშნულების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სივრცეები.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების აშენება იყო დაგეგმილი, მაგრამ უკვე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყოფილი კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა.

„წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ისინი სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ დედაქალაქს, კორპუსების ასაშენებლად იპოდრომის ტერიტორია გასხვისდა. თუმცა ჩვენი ჩართულობით, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის პირობებში, უშუალოდ ჩემი მონაწილეობით ეს ტერიტორია დავიბრუნეთ. ძალიან მიხარია, რომ ეს სივრცეც მოწესრიგდება და ქალაქს დაუბრუნდება ის ძველი ინფრასტრუქტურა, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო დიდი მოთხოვნა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებას კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში დაჰპირდა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან უნდა დაწყებულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0