გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა – კალათბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება

© Pixabay / 27707მსაჯი კალათბურთის ბურთით
მსაჯი კალათბურთის ბურთით - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2021
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატმა, პარლამენტის წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ერთად მიიღეს.
გადაწყვეტილების შესახებ განცხადება კალათბურთის ფედერაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.
პაატა გურასპაულმა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და ვიქტორ სანიკიძეს დაუჭირა მხარი. მანამდე ვიქტორ სანიკიძემ და პაატა გურასპაულმა მოახლოებულ არჩევნებზე კანდიდატურები ცალ-ცალკე დააყენეს.
როგორც გურასპაულმა აღნიშნა, იგი ვიქტორ სანიკიძესთან ერთად ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებს.

„ვინაიდან მე და ვიქტორს უმრავლეს შემთხვევაში საერთო ხედვები გვაქვს კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით, იმ გუნდით, რომელსაც კალათბურთში სიმშვიდე, სიწყნარე და განვითარება უნდა და ჩვენი საერთო კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე“, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, თანამდებობა მისთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი. რაც შეეხება ფედერაციის სხვა თანამშრომლებს, ისინი სრული შემადგენლობით გააგრძელებენ მუშაობას.
ვიქტორ სანიკიძემ, თავის მხრივ, პაატა გურასპაულს და კალათბურთის ფედერაციას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მოახლოებულ ტურნირებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„სექტემბერში დიდი ღონისძიება – „ევრობასკეტი“ გველოდება, რომელიც უნდა იყოს სამაგალითო. ყველას უნდა დავანახოთ, თუ როგორც გვიყვარს კალათბურთი და რომ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება. შემდეგ უკვე ვისაუბროთ დეტალურად იმ განვითარების გეგმაზე, რაც გვაქვს“, – აღნიშნა სანიკიძემ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო საარჩევნო კრება მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მომავალი წელი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია – 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში ჩატარდება – საქართველოში, იტალიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში.
ყველა ახალი ამბავი
0