ქართველი სპეციალისტი შვეიცარიული კონკურსის საუკეთესო პროექტების ხუთეულში მოხვდა

© National Environment Agency of Georgia ვიტალი მაჭავარიანი
 ვიტალი მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2021
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი ვიტალი მაჭავარიანი შვეიცარიული კომპანიების Sensefly და Pix4D-ს მიერ ორგანიზებულ ფოტოგრამმეტრიის კონკურსში ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის დასახელდა ბუნებრივი სტიქიური პროცესების მართვის კატეგორიაში, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაჭავარიანმა კონკურსზე დრონით გადაღებული ვაშლიჯვრის მეწყრის პროექტი წარადგინა.
კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ვიტალი მაჭავარიანი კომპანია Sensefly-ს აკადემიაში დრონების სერტიფიცირებული ოპერატორის სასწავლო კურსს დისტანციურად გაივლის.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების მომზადება და გავრცელება, ასევე სტიქიური მოვლენების საფრთხეების შეფასება წარმოადგენს. აღნიშნული ფუნქციების შესრულების მიზნით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიც არის უპილოტო საფრენი აპარატები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით სპეციალისტებს საშუალება აქვთ ეფექტიანად და ობიექტურად შეაფასონ სტიქიით მოცული ძნელად მისადგომი არეალები და მიიღონ ზუსტი მონაცემები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების შესახებ.
დრონები ეროვნულმა სააგენტომ კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მხარდაჭერით შეიძინა.
ყველა ახალი ამბავი
0