საქართველოს მთავრობა საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიღვინის დღესასწაული ბორდოში
ღვინის დღესასწაული ბორდოში - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
ქართველმა მეღვინეებმა ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი - La Cité du Vin მოინახულეს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გამართულ საერთაშორისო გამოფენა SITEVI-ზე ქართველმა და ფრანგმა მეღვინეებმა გამოცდილება გაცვალეს და ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო და საერთაშრისო თანამშრომლობის სააგენტო Interco Nouvelle-Aquitaine ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთში.
პროექტის ფარგლებში ქართველი მეღვინეები ფრანგული ღვინის შესახებ ტრენინგებს დაესწრნენ, გამართეს ბიზნეს შეხვედრები, გაეცნენ ინფორმაციას მევენახეობა-მეღვინოების დარგში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ, დაათვალიერეს საგვარეული მეღვინეობა Domaine de Rieucoulon.
ქართველი მეღვინეები ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრს - La Cité du Vin-ს ეწვივნენ. ცენტრი 2017 წელს გაიხსნა და პირველი მასპინძელი ქვეყანა სწორედ საქართველო იყო გამოფენით „საქართველო ღვინის სამშობლო“.
ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა ფრანგული ვენახები, სადაც გაეცნენ ისტორიულ მარნებს, ყურძნის მოვლისა და ღვინის დაყენების მეთოდებს, დააგემოვნეს საუკეთესო ფრანგული ღვინოები.
ქართველ მეღვინეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ბორდოს ღვინით ვაჭრობის ისტორიულ უბანში, ღვინის მაღაზია Chai des Chartron-ში გამართულ დეგუსტაციაზე.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ღვინის სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც 43 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 7% შეადგინა.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 83,8 მლნ ბოთლი ღვინო, ხოლო ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 194 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0