Myway Airlines-ი პრემიერ ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვს

© Facebook / Myway Airlinesავიაკომპანია MyWay Airlines
ავიაკომპანია MyWay Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2021
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ქართულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა, რომელშიც ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების მიზეზებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
5 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ განცხადება გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა კომპანიის აქციების 89%-ის მიყიდვა უცხოეთის მოქალაქისთვის, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. კანონის თანახმად, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე ან ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს აქციების 50%-ზე მეტს.
Myway Airlines-ის ხელმძღვანელობა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს.
კომპანია მთავრობის წევრებს პრობლემის გადაჭრაში დახმარებას სთხოვს და განმარტავს, რომ საკითხი, რაზეც საავიაციო ხელისუფლება ავიასაწარმოს ედავება, ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.
Myway Airlines-ის მონაცემებით, კომპანიისთვის საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაუქმება გამოიწვევს ყოველდღიურ ზარალს 100 ათასი დოლარის ოდენობით, რაც მოკლე პერიოდში ავიაკომპანიის გაკოტრებას ნიშნავს.
ავიაკომპანია MyWay Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2021
ერთადერთი ქართული ლოუკოსტერი ლიცენზიის გარეშე დარჩა
„მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ Myway Airlines-ის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და დაგვემხაროთ პრობლემის მოგვარებაში, რათა კომპანიამ კვლავ შეძლოს ოპერირება, მეტი თანამშრომლის დასაქმება და საკუთარი წვლილის შეტანა როგორც ქართული ავიაციის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც წერილშია აღნიშნული, სააგენტოს მხრიდან ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებით კომპანიას იურიდიული თვალსაზრისით ბევრი კითხვა აქვს.
„კომპანია ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპზე სააგენტოსთან თანამშრომლობისა და მათგან რეკომენდაციების მიღების სურვილს გამოთქვამდა, რათა პასუხი გასცემოდა ყველა კითხვას და საქმე არ მისულიყო ისეთ კატასტროფულ შედეგამდე, როგორიცაა კომპანიისთვის გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაუქმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მიუხედავად მათი მზადყოფნისა, სააგენტოს მხრიდან რეალურ თანამშრომლობას ადგილი არ ჰქონია.
MyWay Airlines საქართველოში ჩინური Hualing Group-ის მიერ 2018 წელს დაარსდა. იმავე წლის ნოემბერში ჩინეთიდან საქართველოში 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი შემოვიდა. პირველი რეისი MyWay Airlines-მა 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0