3 დეკემბერს ქართველი კომპოზიტორები და პარაორკესტრის წევრები ერთობლივ კონცერტს გამართავენ

© Facebook / ChernovetskyiFundპარაორკესტრი
პარაორკესტრი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2021
გამოწერა
ღონისძიების ლოზუნგია „შშმ პირთა ლიდერობა და მონაწილეობა ინკლუზიურ, ხელმისაწვდომ და მდგრად პოსტ-COVID-19 სამყაროში".
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ქართველი კომპოზიტორები და ა(ა)იპ „მშობელთა ხიდის" პარაორკესტრის წევრები 3 დეკემბერს ერთობლივ კონცერტს გამართავენ, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის (3 დეკემბერი) აღსანიშნავად ტარდება. მისი მიზანია შშმ პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პარაორკესტრის რეპერტუარი ძირითადად შედგებოდა კლასიკოსი კომპოზიტორებისა და პოპულარული უცხოელი კომპოზიტორების შემოქმედებისგან.

„ამ ეტაპზე თვითონ პარაორკესტრის წევრებმა გადაწყვიტეს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი, ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ნომრების შესწავლა მათი ჩართულობით", – აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიება დისტანციურად facebook.com და youtube.com-ზე ჩატარდება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება.
„პარაორკესტრი" 2014 წელს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდმა" შექმნა, რომელიც დიდი ხანია მუსიკოთერაპიის პრაქტიკას მისდევს. ამ კოლექტივის საქმიანობა ფონდ „ნატვრის ხის" მხარდაჭერით დაიწყო, მოგვიანებით პროექტს კულტურის სამინისტროც შეუერთდა.
პირველი კონცერტი ორკესტრმა „მოძრაობის თეატრის" სცენაზე 2014 წლის 2 აპრილს გამართა. მას შემდეგ მუსიკოსები მრავალ კონცერტზე და სატელევიზიო შოუში გამოვიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0