ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ოლიმპიური ჩემპიონი კახეთში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულია.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატებმა ზვიადაურის 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილის 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა.
შემდგომი სასამართლო პროცესი საქმის არსებითი განხილვით განახლდება.
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
მკვლელობა კახეთში: ზურაბ ზვიადაურსა და ჯაბა ჯანგირაშვილს პატიმრობა შეეფარდა
საქმის დეტალები
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტისას ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამ დაპირისპირებაში მონაწილე ნიკოლოზ კენჭოშვილის მხრიდან ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ამ უკანასკნელის სროლის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა.
ამ ოთხიდან ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ, ხოლო ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
გამოძიების ცნობით, დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც ნიკოლოზ კენჭოშვილიც სასიკვდილოდ დაიჭრა.
სამართალდამცველებმა ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა, რაც 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ადვოკატების ვერსიით, ინციდენტისას ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0