ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების ცენტრი მომავალ წელსაც კარგად იმუშავებს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანები
სასწრაფო დახმარების მანქანები - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მიმდინარე წელს კარგი მაჩვენებლებით ასრულებს
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა წლიური მუშაობის შედეგები შეაჯამა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პრეზენტაცია გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა გამოსვლის დასაწყისში სასწრაფო დახმარების სამსახურის მედპერსონალს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ უკვე განხორციელებულ და ასევე სამომავლო სამ პროექტზე.
სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს სასწრაფო დახმარების ავტოპარკს 33 ერთეული მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი და 9 რეანიმობილი შეემატა.
2021 წლის 1 იანვრიდან სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად ხელფასის 50%-ის ოდენობის დანამატი გაიცემა.
მიმდინარე წელს დასრულდა 341 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 50 სოფლის ამბულატორია ტელემედიცინის მოწყობილობით აღიჭურვა, რაც დისტანციური კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
შეიქმნა კოვიდ-საწოლების საინფორმაციო პორტალი, სადაც თავისუფალი კოვიდ-საწოლების შესახებ მონაცემების განახლება მიმდინარე რეჟიმში ხორციელდება. ამან შესაძლებლობა მისცა სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, ოპერატიულად მოიძიონ ინფორმაცია თავისუფალი საწოლების შესახებ და დროულად გადაიყვანონ პაციენტები კლინიკებში.
გარდა ამისა, სოფლის ექიმებისთვისაც შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ისინი იღებენ განახლებულ ინფორმაციას სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე.

რა იგეგმება მომავალ წელს?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირებით 2022 წლისთვის დიდი გეგმები აქვს.
მომავალ წელს იგეგმება სასწრაფო დახმარების სამსახურის თბილისისა და რეგიონული ოფისების შეკეთება და ახლების აშენება.
„ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
2022 წელს აშენდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.
დაგეგმილია თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურების გათანაბრება. გაგრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლების პროცესი.
2022 წლიდან დაგეგმილია სამედიცინო მოტოციკლების შემოყვანა, რომლებითაც იმოძრავებენ მოტოპარამედიკოსები და სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას განახორციელებენ.
„2022 წელს ცენტრი დაიწყებს ჟანგბადის გამომმუშავებელი პორტატული გენერატორის POGS (Portable Oxygen Generator System) გამოყენებას. სისტემა ცენტრს ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში დაეხმარება და ის ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური პროცესების გამარტივებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
შეხვედრის დასასრულს, გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის განახლებული ევროსტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი და სასწრაფო დახმარების მანქანაში არსებული უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერებინა.
ყველა ახალი ამბავი
0