პროტესტი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ: აქციები საქართველოს ორ ქალაქში გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
თბილისსა და ქუთაისში კვირას კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. უმეტესობა პირბადის გარეშე იყო
რესპუბლიკის მოედანზე დღისით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ლოზუნგით „არა კოვიდ-ტერორს!“. ისინი ასევე აპროტესტებდნენ კოვიდ-პასპორტების სისტემის შემოღებას საქართველოში. შემდეგ დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს პარლამენტის მიმართულებით, სადაც მიტინგი ჩაატარეს. ბოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გაემართნენ.
ქუთაისში აქციაზე ასამდე ადამიანი მივიდა. მათ ასევე მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში, ხელში ეჭირათ პლაკატები და ტრანსფარანტები. მოგვიანებით აქციის წევრები დაიშალნენ.
ვაქცინაციის პროცესის სტიმულაციისათვის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა 1 დეკემბრიდან საქართველოში კოვიდ-პასპორტების სისტემა ამოქმედდეს. სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სპა-ცენტრებში შესვლა მხოლოდ სპეციალური QR-კოდის ქონის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსით საქართველოში ყოველდღიურად 50-60 ადამიანი იღუპება. გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 12 ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. ყოველდღიურად, ნაცვლად 20-25 ათასისა, იცრება 5-6 ათასი ადამიანი. ვაქცინირებულ პირთა ჯამური რაოდენობა მოსახლეობის 35%-ზე ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0