მსოფლიო–2023: საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

© photo: Sputnik / Stringerკალათბურთის ნაკრები
კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი– Sputnik. კალათბურთში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 88:83 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები გიორგი შერმადინი და ტედ მაკფადენი გახდნენ, რომლებმაც 23–23 ქულა მოაგროვეს. შესანიშნავად ითამაშა გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ – ფორვარდის ანგარიშზე 16 ქულა და 13 მოხსნაა.
პირველი მეოთხედი ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, გუნდებმა ჯამში 52 ქულა მოიპოვეს (28:24 საქართველოს სასარგებლოდ). შემდეგ ორ მეოთხედში ინიციატივა სტუმრებმა აიღეს და მოიგეს 22:17 და 20:19.
მატჩის დასკვნითი ათი წუთი საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ ჩაატარა. განსაკუთრებით გამორჩეული იყვნენ შენგელია, შერმადინი და ბურჯანაძე, სწორედ ამ სამეულმა აიღო საკუთარ თავზე ლიდერობის ფუნქცია და საკუთარ გუნდს შეხვედრის დასასრულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
თამაშის შემდეგ რამდენიმე საათში საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 29 ნოემბერს ესპანეთის გუნდთან მატჩს გამართავს.
რაც შეეხება ესპანეთის გუნდს, მან ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლითი მატჩი ჩაატარა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ესპანეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ერთად ასპარეზობს. შემდეგ შესარჩევ ეტაპზე თითოეული კვარტეტიდან სამ-სამი ნაკრები გავა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0