ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პოლიტიკურ ჯგუფად გარდაიქმნა

© Sputnik / Alex Shlamovმამუკა ხაზარაძე და დავით უსუფაშვილი
მამუკა ხაზარაძე და დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცნობად მიიღო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხი.
ფრაქცია, რომელიც შვიდი წევრით იყო დაკომპლექტებული, მას შემდეგ გაუქმდა, რაც მის რიგებს ერთი დეპუტატი გამოაკლდა. პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ვადაზე ადრე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რეგლამენტის თანახმად, ფრაქცია პარლამენტის მინიმუმ შვიდი წევრისგან უნდა შედგებოდეს.

„პარტია „ლელოს“ დეპუტატებმა – ანა ნაცვლიშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ და დავით უსუფაშვილმა, რომლებსაც პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება აქვთ, მიმართეს პარლამენტს, რომ რეგლამენტის შესაბამისად შეიქმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნის პრაქტიკა 2020 წლის გაზაფხულზე შემოიღეს, მას შემდეგ, რაც პარტიების ნაწილმა მცირერიცხოვნობის გამო ფრაქციების შექმნა ვერ მოახერხა და მსხვილ პარტიებთან შედარებით მათი უფლებები შეზღუდული აღმოჩნდა.
ცვლილებების შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავდეთ კომიტეტებში, მათი ხელმძღვანელები მონაწილეობენ ბიუროს სხდომებში. გარდა ამისა, ისინი პარლამენტში დებატებისას სარგებლობენ იმავე დროით, როგორც ფრაქციები.
ყველა ახალი ამბავი
0