ზუროსი: შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მატჩის მოგება გვჭირდება

© Facebook / Georgian Basketball Federationილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ ორ შეხვედრაში გამარჯვების იმედი აქვს.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის თითქმის სრული შემადგენლობით ემზადება. პირველ შეხვედრას ეროვნული ნაკრები უკრაინასთან 26 ნოემბერს გამართავს. გუნდთან ერთად არ იმყოფება მოსკოვის „ცსკა“-ს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია, რომელსაც 25 ნოემბერს ევროლიგაში მიუნხენის „ბაიერნთან“ აქვს შეხვედრა, შეხვედრის შემდეგ კი მოსკოვიდან ჩარტერული რეისით გამოფრინდება.
ეროვნულმა გუნდმა უკრაინასთან მატჩისთვის მზადება 20 ნოემბრიდან თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყო. პირველ ორ დღეს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ავარჯიშებდნენ, 22 ნოემბრიდან კი საწვრთნელ პროცესში ილიას ზუროსიც ჩაერთო.

„რთული თამაშები გველის, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმუმს მივაღწიოთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორივე მოახლოებული შეხვედრის მოგება გვჭირდება. სასიხარულოა, რომ უკრაინასთან მატჩს მაყურებელი დაესწრება და გვიქომაგებს. მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება, ეს საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება”, - განაცხადა ზუროსმა.

ბერძენმა სპეაციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 18 კალათბურთელი გამოიძახა, სადაც სამი სავარაუდო დებიუტანტია. ზუროსის სიაში პირველად მოხვდნენ 19 წლის „დინამოელი“ ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და „ცხუმ-აფხაზეთის“ კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი. განაცხადში მხოლოდ ექვსი ლეგიონერია, 12 კი საქართველოს „სუპერლიგის“ წარმომადგენელია.
ზუროსის სიაში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. გავრცელებული ინფორმაციით, სანაძემ კორონავირუსი გადაიტანა, რის შემდეგაც ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო.
საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ციკლს 26 ნოემბერს უკრაინასთან საშინაო მატჩით გახსნის, 29-ში კი ესპანეთს გასვლაზე შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მატჩს სპორტის სასახლის საერთო ტევადობის 30 პროცენტი დაესწრება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
G ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების გარდა ჩრდილოეთ მაკედონიაც ასპარეზობს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) გაიმართება, ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები კი მეორე ეტაპზე გავა.
ყველა ახალი ამბავი
0