საქართველოს ლეგენდას მკურნალობა სჭირდება

გამოწერა
საქართველოში ყველაზე ძველი და დიდი ხე თელავში დგას. ის უამრავი რამის მომსწრეა, რადგან მისი ასაკი დაახლოებით ათასი წელია. ამ ადგილს ყველა იცნობს, ქვეყნის მკვიდრებიცა და ტურისტებიც, რომლებიც თელავს სტუმრობენ. ახლა ამ ჭადარს დახმარება ესაჭიროება.
ჭადრის სიმაღლე 46 მეტრია, სიგანე კი 12 მეტრს აღწევს. თუმცა ახლა გიგანტი დასნეულდა, სპეციალისტები კი მისი გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ. ხეს ძირში დიდი ფუღურო გაუჩნდა, რომელშიც შესვლაც შესაძლებელია. ცოტა ხნის წინ აქ რამდენიმე ლეკვიც იპოვეს.
ჭადრის გადასარჩენად მალე შეისწავლიან ნიადაგის მდგომარეობას ხის გარშემო. გიგანტს მალე შემოსაზღვრავენ, რათა ტურისტებმა ფესვებზე სიარულით პრობლემა კიდევ უფრო არ გააღრმავონ. სპეციალისტების აზრით, საჭიროა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თუმცა ამას სერიოზული ფინანსები სჭირდება.
ჭადარი „ბატონის ციხის“ მიმდებარედ დგას. მას ახსოვს ჯალალ ედ-დინის, შაჰ აბასის, აღა მაჰმად-ხანის და უმა-ხანის შემოსევები. მისი თანდასწრებით იწერებოდა საქართველოს ისტორიის სევდიანი გვერდები, როდესაც კახეთის სამეფოს ასობით ათას მოსახლეს სპარსეთში ასახლებდნენ.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჭადარი მეფე ფარნავაზმა დარგო. იბერიული ჭადრის (Platanus Ibericius) შესახებ ჯერ კიდევ რომაელები წერდნენ. გიგანტური ხის შესახებ საკუთარ ნაშრომებში წერდა ბერძენი გეოგრაფი სტრაბონიც, რომელიც აღნიშნავდა, რომ იბერიის სამეფოში დგას ჭადარი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისთვის.
შაჰ აბასის ურდომ საქართველოში შემოჭრისას თითქმის მთელი თელავი გაანადგურა, თუმცა ჭადარი არც მოუჭრია და არც დაუწვია, რადგან იცოდა, რომ ქართველებისთვის ეს წმინდა ადგილი იყო. ჭადრის შესახებ მოხსენიებულია „კახეთის მეფე თეიმურაზის მმართველობის“ ისტორიულ ქრონიკაშიც.
ყველა ახალი ამბავი
0