ფეხბურთი: „სამგურალის“ მეორე შანსი - საქართველოს თასის ფინალისტები გამოვლინდნენ

© Facebook / FC Saburtaloსაფეხბურთო კლუბი „საბურთალო“
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2021
გამოწერა
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს „სამგურალი“ და თბილისის „საბურთალო“ შეხვდებიან.
„სამგურალმა“ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე ქობულეთის „შუქურა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის მეორე ნახევარში ხუთი გოლი გავიდა და წყალტუბოს გუნდმა შეხვედრა ანგარიშით 3:2 მოიგო.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, „საბურთალომ“ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
წყალტუბოს „სამგურალი“ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტია, მიუხედავად ამისა, გუნდი საქართველოს თასის ფინალს ზედიზედ მეორედ ითამაშებს. „სამგურალი“ გასულ წელს ფინალურ დაპირისპირებაში „გაგრასთან“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს გუნდმა საქართველოს თასის დასკვნით ეტაპზე 1999 წელსაც გააღწია და მაშინაც თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო.
რაც შეეხება „საბურთალოს“, დედაქალაქური კლუბი საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს. 2019 წელს „საბურთალომ“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივს“ ანგარიშით 3:1 მოუგო.
ფინალური შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0