ელენე ხოშტარია დღეიდან საკვების მიღებას დაიწყებს

© Sputnik / Alex Shlamovელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
ხოშტარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სავარაუდოდ, ერთი კვირა დარჩება.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ დამაკმაყოფილებელია – დღეიდან იგი საკვების მიღებას დაიწყებს, განაცხადა ხოშტარიას ექიმმა ნინო ქანთარიამ ჟურნალისტებთან.
პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო. მან პროტესტის უკიდურესი ფორმა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
მკურნალობის პროტოკოლის თანახმად, ამ დრომდე ხოშტარიას რაციონი მხოლოდ სპეციალური დანამატებისგან და წვენებისგან შედგებოდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმს სააკაშვილის მონახულება შესთავაზა>>>
„დანამატებთან ერთად მას ჩვეულებრივი საკვების პირველ პორციას მისცემენ. თუ საჭმლის მიღებას რაიმე სახის გართულება არ მოჰყვება, რაც კვების აღდგენის პროცესის თანმდევია, მაშინ მომდევნო დღეებში ჩვენ რაციონს გავაფართოვებთ“, – განაცხადა ქანთარიამ.
ხოშტარია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სავარაუდოდ, ერთი კვირა დარჩება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. იგი შიმშილობის 50-ე დღეს, 20 ნოემბრის ღამით გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დღისით სააკაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მან გონება დაკარგა.
ამ დროისათვის სააკაშვილიც პოსტშიმშილობის პერიოდის რეაბილიტაციის კურსს გადის.
სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0