როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის განცხადება

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliგორის ჰოსპიტალი
გორის ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გორის ჰოსპიტალში ყოფნის პირველივე დღიდან ფსიქიატრიც აკვირდება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. შიმშილობის შეწყვეტიდან მესამე კრიტიკული დღის ბოლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია, რჩება სისუსტე, რაც სავსებით ნორმალურია, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ.
პარასკევს, შიმშილობის 50-ე დღეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შაბათიდან ექს-პრეზიდენტმა ელენე გიორგაძის მიერ მკაცრად გაწერილი სქემით სპეციალური საკვების მიღება დაიწყო.
ექიმი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიხეილ სააკაშვილმა უკვე კვებას მცირედით მოუმატა.

„ჩივილები არ ჰქონდა. მაინც გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია. ყველა ანალიზი კეთდება ყოველდღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა, ცილამაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაზე, ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე, შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე. თვითონ თავს გრძნობს უკეთესად“, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე განცხადებით, ჰოსპიტალში ექიმების შესვლა მხოლოდ პაციენტის თანხმობის შემდეგ ხდება და ექს-პრეზიდენტს ასევე ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც მას პირველივე დღიდან აკონტროლებდა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2021
მეორე დღე შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ: როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
„პაციენტი ირჩევს და გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშავებს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება თანხმობა, მაშინვე იქნება გამოძახებული. ხვალ ჩამოვა მთელი კონსილიუმი. ისინი შეაფასებენ თავის სისტემებს”, – განაცხადა ექიმმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია და საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად მიიღებს ინფორმაციას.
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვდნენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.
ყველა ახალი ამბავი
0