იარაღი და საბრძოლო მასალები – ქვეყნის მასშტაბით 13 პირი დააკავეს

© photo: Sputnikპისტოლეტი და ხელბორკილები
პისტოლეტი და ხელბორკილები - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია თბილისში, გორში, კასპში, ბორჯომში, ფოთში, წყალტუბოში, ასევე გურიის, კახეთისა და მცხეთა–მთიანეთის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულთა ასაკი 25-დან 64 წლამდეა.
პოლიციამ თბილისში დაკავებული მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღო სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა. ფოთში დაკავებული პირის პირადი ჩხრეკის დროს ნაპოვნია პისტოლეტი.
სამართალდამცველებმა გორში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. კასპში პოლიციამ ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა „ტტ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
იარაღის არსენალი თბილისში: დაკავებულია ხუთი პირი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი პოლიციამ ერთ-ერთი პირის ავტომობილის შემოწმებისას ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. წყალტუბოში წარსულში ნასამართლევი პირის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია АК-74-ის მოდელის ავტომატი, მჭიდი და ორი საბრძოლო ვაზნა.
კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში პოლიციამ სულ ოთხი პირი დააკავა. ოთხივე ბრალდებულის ჩხრეკისას სულ ამოღებულია „ეფ-1“ ტიპის ხელყუმბარები, ორი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი – „ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი რევოლვერი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა. ასევე გურჯაანში ნივთმტკიცების სახით აღმოჩენილია ერთი ცეცხლსასროლი იარაღი.
სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთში ერთი პირის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო მეორე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: „ტიგრის” და „ტოზის” მოდელების შაშხანები, ხუთი მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.
გურიის რეგიონში წარსულში ნასამართლევი პირის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ „ეფ-1“ ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0