ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია: დეპუტატი რეაბილიტაციის კურსს გადის

© Sputnik / Alex Shlamovელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობის დროს ხოშტარიას მდგომარეობა გაუარესდა, რამდენჯერმე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია, ის შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, – ამის შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალის“ რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა განაცხადა.
ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად საკვებზე უარს 17 დღის განმავლობაში ამბობდა. მან შიმშილობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ციხის კლინიკიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ანალიზებით დამაკმაყოფილებელი სიტუაციაა. ამჟამად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა“, - აღნიშნა ალექსანდრე მხარგრძელმა.
პარლამენტის შენობაში შიმშილობის დროს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა გაუარესდა. მას რამდენჯერმე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოუძახეს. კლინიკაში გადაყვანის დროს მას ინვალიდის ეტლი და საკაცე დასჭირდა.
ექს-პრეზიდენტი შიმშილობის 50-ე დღეს შაბათ ღამეს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი საქართველოში 2013 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი 29 სექტემბერს და ის 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილს ორ სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0