მსვლელობა და მიტინგი თბილისში: ოპოზიცია მწვავე აქციების გეგმას ცვლის

გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა პარასკევს, 19 ნოემბერს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყო და პარლამენტის წინ აქცია გამართა. ნახეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოში, როგორ ჩაიარა პროტესტმა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე ჩაიარეს პლაკატით „თავისუფლება სააკაშვილს“. შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, სადაც ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ. აქციის დროს გამზირზე მანქანების მოძრაობა შეწყდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მწვავე საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ ოპოზიციის გეგმები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადების შემდეგ შეიცვალა, რომელმაც სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზა.
სააკაშვილი ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოში იმყოფება. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გუშინ, შიმშილობის 49-ე დღეს ექს-პრეზიდენტმა გონება დაკარგა და ის გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
სააკაშვილი, მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები რამდენიმე კვირაა დაჟინებით ითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ამავე მოსაზრებას იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შეკრებილი ექიმთა ჯგუფი, რომელმაც სააკაშვილი 16 ნოემბერს გამოიკვლია.
ყველა ახალი ამბავი
0