კულტურის სამინისტრომ ილია აგლაძის არქივი შეიძინა

© Facebook / Ministry of Culture, Sports and Youth of Georgia ილია აგლაძის საარქივო მასალები
 ილია აგლაძის საარქივო მასალები - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
სამინისტროს ინფორმაციით, ხელნაწერები უნიკალურია და მათი სხვა ეგზემპლარები არ არსებობს.
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმისთვის ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და მთარგმნელის, მწერალთა კავშირის საბჭოს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და დრამატული საზოგადოების წევრის ილია აგლაძის არქივის შესყიდვა განხორციელდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობით, საარქივო მასალები 370 ხელნაწერისა და ნაბეჭდი დოკუმენტებისგან შედგება. ასევე შეიცავს დავით კლდიაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძის, პაოლო იაშვილის, კოტე მაყაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ქუჩიშვილის, სანდრო შანშიაშვილის, აკაკი პაპავას, ვალერიან გუნიასა და სხვათა უცნობ ავტოგრაფებს.
მოცემული საარქივო მასალები ექსკლუზიურია, რადგან არ არსებობს მათი სხვა ეგზემპლარები და მათი უმეტესობა უცნობია.

„ამასთან, შესყიდული არქივი აერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, კერძოდ, მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან, 1917 წლიდან 1921 წლამდე უაღრესად საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილებსა და განცხადებებს, მწერალთა კავშირის სხდომის ოქმებს, მწერალთა პირველი კონფერენციის დოკუმენტებს, მიმართვებსა და პირველ წესდებას, მწერალთა ხელწერილებს, მწერალთა კავშირის ბუღალტრულ საბუთებს, ქვითრებს, მწერალთა ფაქსიმილეების სიებს, ღია ბარათებს და ჟურნალებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე არქივში ინახება ილია აგლაძის მეუღლის – მწერლის, მთარგმნელის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებლის ოლღა ბეჟანიშვილი-აგლაძის წერილები, ჩანაწერები და ქალთა საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელნაწერი წყაროები დღემდე უცნობი იყო როგორც მკვლევარებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის და წარმოადგენს სანდო დოკუმენტებს მწერალთა კავშირის ამ უაღრესად საინტერესო პერიოდის შესასწავლად.
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი ილია აგლაძე დაიბადა 1872 წელს თბილისში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, გარიცხეს „მგლის ბილეთით“, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. მისი თარგმანები, ფელეტონები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა 1894 წლიდან. 1894-1902 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1908-1910 წლებში ის „დროებისა“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორი გახდა. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მეფის მთავრობა დევნიდა. 1910 წელს დააპატიმრეს. 1917 წლამდე გადასახლებაში იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში.
გარდაიცვალა 1984 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ყველა ახალი ამბავი
0