სერგეენკო: ომბუდსმენის მიერ შექმნილ კლინიკურ აუდიტს ციხის ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ექსპერტთა ჯგუფის თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად აღჭურვილია, მაგრამ იგი არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფს სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან კომუნიკაცია არ ჰქონია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის კლინიკური აუდიტი აპარატურის შეფასებით ამოიწურა, დაწესებულების ექიმებთან კონტაქტი კი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„მე ვერ დავიწყებ დისკუსიას ექიმების მიერ წარმოდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი მოსაზრებები. ერთადერთი, რაც ძალიან მენიშნა, არის ის, რომ მათ არ ჰქონიათ კომუნიკაცია სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებთან, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვარ ამ ორ ჯგუფს შორის მედიაციის როლი შევასრულო“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური, 9 ექიმით დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გაავრცელა. მათი თქმით, ციხის საავადმყოფო კარგად არის აღჭურვილი, მაგრამ იგი მაინც არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი დიაგნოზია: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერსისტენტული ჰიპოკალიემია, ანემია - თალასემია, გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა, მაღალი სტრესული გარემო.
ექიმების განმარტებით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში არაერთი გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება კომით, ეპილეფსიური სტატუსით, ჰიპოკალიემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა, გასტროინტესტინალური სისხლდენა. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში კი დიდი ალბათობაა, განვითარდეს კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0