ილიას ზუროსმა შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

© photo: Sputnikსაკალათბურთო მატჩი
საკალათბურთო მატჩი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
გამოწერა
ილიას ზუროსმა შესარჩევი ეტაპისთვის თავდაპირველად 18 კალათბურთელს უხმო, უკრაინასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, 25 ნოემბერს ბერძენი მწვრთნელი საბოლოო 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ბერძენმა სპეაციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის 18 კალათბურთელი გამოიძახა, სადაც სამი სავარაუდო დებიუტანტია. ზუროსის სიაში პირველად მოხვდნენ 19 წლის „დინამოელი“ ფორვარდი ნიკოლოზ გაფრინდაშვილი და „ცხუმ-აფხაზეთის“ კალათბურთელები – 21 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი და 22 წლის მსუბუქი ფორვარდი ნიკა ჩეჩელაშვილი. განაცხადში მხოლოდ ექვსი ლეგიონერია, 12 კი საქართველოს „სუპერლიგის“ წარმომადგენელია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები აღნიშნულ მატჩებამდე საწვრთნელ შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ბერძენი მწვრთნელი საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს. ამ ეტაპზე გუნდის გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მცველები: თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, გივი ბაქრაძე, ოთარ ფხაკაძე
ფორვარდები: კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ნიკა ჩეჩელაშვილი, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური
ცენტრები: ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე, გიორგი თვალაბეიშვილი.
ზუროსის სიაში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე. გავრცელებული ცნობით, სანაძემ კორონავირუსი გადაიტანა, რის შემდეგაც ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო.
ეროვნული გუნდი უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას 20 ნოემბრიდან თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყებს. პირველ ორ დღეს კალათბურთელებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტები მოამზადებენ, 22 ნოემბრიდან კი ვარჯიშებს თავად ზუროსი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის პროფესიულ და სტუდენტურ ლიგებში მოთამაშე ქართველი კალათბურთელები ნაკრებს ვერ დაეხმარებიან, რადგან ევროპული პრაქტიკა არ ითვალისწინებს ამერიკიდან მიმდინარე ჩემპიონატების განმავლობაში კალათბურთელების თავიანთ ნაკრებებში გამგზავრებას.
G ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებების გარდა ჩრდილოეთ მაკედონიაც ასპარეზობს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფში თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) გაიმართება, ჯგუფიდან სამი საუკეთესო ნაკრები კი მეორე ეტაპზე გავა.
ყველა ახალი ამბავი
0