არასამთავრობო ორგანიზაციები: დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები შემაშფოთებელია

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ არჩევანს აშორებს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმები შემაშფოთებელია, რაც ტენდენციურ ხასიათს იძენს, ნათქვამია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანოზაციები პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ საკუთარ facebook-გვერდზე 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანებიან, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჭიროა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისა და ქვეყნის მეგობრების გამიჯვნა.
„თუ ისინი ასეთ ლობისტურ საქმიანობას გააგრძელებენ, ჩვენ მოგვიწევს მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ არჩევანს აშორებს.

„ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად ადანაშაულებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერს 21 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“; „მედიის განვითარების ფონდი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „უფლებები საქართველო“; „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“; „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0