მერაბ ნინიძე „აზიურ ოსკარზე“ საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
კინოპრემიის ჟიური ფილმებს აფასებს როგორც კინემატოგრაფიული ოსტატობის, ისე ეროვნული კულტურული ტრადიციების შენარჩუნების კუთხით.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ავსტრალიაში გამართულ საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards-ზე (APSA) საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო მერაბ ნინიძეს გადაეცა, ალექსეი გერმანის (უმცროსის) ფილმში House Arrest (2021) შესრულებული მთავარი როლისთვის, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფილმში ნინიძე რუსეთში მცხოვრებ ქართველ მასწავლებელს თამაშობს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. მას სასამართლო შინაპატიმრობას მიუსჯის.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მიმდინარე პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
ამავე ნომინაციაში იყო წარდგენილი მსახიობი ლევან თედიაშვილი ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“ მონაწილეობისთვის, რომლის რეჟისორი ლევან კოღუაშვილია.
„აღსანიშნავია, რომ ცერემონიის მსვლელობისას რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა მიიღო APSA Academy Film Fund-ის გრანტი მისი მომავალი ფილმის პროექტისთვის Historia. ვულოცავთ ქართველ კინემატოგრაფისტებს ამ წარმატებას“, - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
ფილმი House Arrest აგრეთვე წელს კანის ფესტივალზე სპეციალურ სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ (Un Certain Regard) იყო წარმოდგენილი. მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე ადრეც მოხვდა. 2017 წელს ფესტივალზე წარდგენილი იყო უნგრელი რეჟისორის კორნი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც ქართველი მსახიობი ასევე მთავარ როლს ასრულებს. ფილმი კანის 70-ე ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო ჩართული.
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
რუსული ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით კანის ფესტივალზეა წარდგენილი
ძალზე შთამბეჭდავია მერაბ ნინიძის უცხოური ფილმოგრაფია. ქართველი მსახიობი 2020 წელს გადაიღეს გერმანულ–ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფროიდი“ (კინოსტუდია Netflix). 2018 წელს მან რუსი ჯაშუშის როლი ითამაშა ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ (Homeland), ხოლო 2017 წელს BBC-ს სერიალში „მაკმაფია“ რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა.
ნინიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“, ბრიტანელი ტელერეჟისორის დომინიკ კუკის ფილმში „კურიერი“. 2021 წელს გამოვიდა გერმანული სერიალი „ექიმი ბალუზი“ (Doktor Ballouz), სადაც მერაბ ნინიძემ ასევე მთავარი როლი შეასრულა.
კინოპრემია Asia Pacific Screen Awards კინოპროდიუსერების საერთაშორისო ასოციაციისა და იუნესკოს მხარდაჭერით ავსტრალიის ხელისუფლების ინიციატივით 2007 წელს შეიქმნა. პრემიის ამოცანას წარმოადგენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთქმედების ხელშეწყობა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ინტერესების მხარდაჭერა. საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards (APSA), „აზიურ ოსკარს“ უწოდებენ.
ყველა ახალი ამბავი
0