წიაღისეულის უკანონო მოპოვება: ეროვნულმა სააგენტომ დარღვევის ხუთი ფაქტი გამოავლინა

© Sputnik / Levan Avlabreli
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
სააგენტოს ინფორმაციით, იურიდიული პირები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლიცენზიის გარეშე ახორციელებდნენ.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა მცხეთის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებისას დადგინდა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე და სოფელ ძეგვის მიმდებარედ იურიდიული პირები ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებდნენ.
სამართალდარღვევა დაფიქსირდა კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე და სოფელ ქვემო ხანდაკშიც, სადაც წიაღის მომპოვებელი პირები საერთოდ არ ფლობდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.
სააგენტოს თანამშრომლებმა დარღვევა გამოავლინეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდინარე მტკვარზე ქვიშა-ხრეშს უკანონოდ მოიპოვებდნენ.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზემოაღნიშნულ ფაქტებზე ინფორმაცია უკვე გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
წიაღის ეროვნული სააგენტო ლიცენზიის მფლობელი სუბიექტების საქმიანობას პერიოდულად ამოწმებს. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც წიაღის მოპოვება ლიცენზიის გარეშე ხორციელდება, მათი შესწავლა სააგენტოს უფლებამოსილებას სცილდება და წარმოადგენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კომპეტენციას.
ყველა ახალი ამბავი
0