ასი ათასი მოწამის ხსენების დღე: საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოახლოებულ რელიგიურ თარიღთან, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამისა და წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასი ათასი მოწამის დღეს (წმიდანი ათნი ბევრნი მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი) საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველწლიურად აღნიშნავს 13 ნოემბერს (ძვ. სტ. 31 ოქტომბერი).

მოკლე ისტორია

ხვარაზმის სულთან ჯალალედინის ამ შემოსევისას საქართველოს თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ლაშქარი გარნისთან ომში ღალატის გამო დამარცხდა. ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და პირობა წაუყენა: დედოფალი რუსუდანი მისი თანამეცხედრე გამხდარიყო და საქართველოს მონღოლების წინააღმდეგ ხვარაზმელებთან ერთად ებრძოლათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მოოხრებით დაემუქრა. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის უარი აცნობა ჯალალედინს, მან კი სანაცვლოდ ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
მუზარადები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
„და იქმნა ომი სასტიკი“ - ქართველთა ავი ბედისწერა სახელად ჯალალედინი
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, სიწმინდეები შეურაცხყვეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მერე კი სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა ჯალალედინმა და ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა, რათა იქიდან ედევნებინა თვალი მეტეხის ხიდზე მომხდარი მოვლენებისთვის.
ჯალალედინმა სიონის ტაძრიდან ხიდზე მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები მიატანინა, „პირაღმართ“ დაადებინა, რის შემდეგაც მისმა ხელქვეითებმა ხიდის თავში მირეკილ ურიცხვ ქრისტიანს მათზე ფეხით გადავლა უბრძანეს — ვინც სულთნის ბრძანებას შეასრულებდა, ისინი გათავისუფლდებოდნენ და დასაჩუქრდებოდნენ, ხოლო ვინც ურჩობას გასწევდა, თავს მოკვეთდნენ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე დასაჯეს სიკვდილით.
ყველა ახალი ამბავი
0