ადვოკატი: ეტაპირების კადრები არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებს

© Sputnik / Alex Shlamovდიმიტრი საძაგლიშვილი
დიმიტრი საძაგლიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
ადვოკატის თქმით, სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რაც ექსპერტიზის დროს დაფიქსირდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ადასტურებს, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.
ხუთშაბათს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში შესვლაზე, რის გამოც იგი იქ ძალის გამოყენებით შეიყვანეს.

„ეს კადრები ნათლად აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და რომ იგი №18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალით შეჰყავთ", – განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კადრებმა მხოლოდ დაადასტურა ადვოკატების სიტყვები. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
„სააკაშვილმა ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, რაც გულისხმობდა მისი ტანსაცმლის ამოღებას და სამედიცინო ექსპერტიზას", – განაცხადა საძაგლიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება და ეს ექსპერტიზის დროს დაფიქსირდა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი განაცხადა პენიტენციური სამსახურის გენინსპექციასთან თანამშრომლობაზე, რომელიც მის გამოკითხვას ორშაბათს, გადაყვანის დღეს ცდილობდა.
„ჩვენ არ გვაქვს გენინსპექციის გამოძიებისადმი ნდობა", – განაცხადა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ის, ადვოკატების განცხადებით, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0