„ჩვენნაირად რომანებს მსოფლიოში არავინ წერს" – აკა მორჩილაძე 55 წლის იუბილეს აღნიშნავს

© Facebook / SABAაკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე დღეს 55 წლის გახდა. მასალაში წაიკითხავთ, რატომ იყიდება მისი წიგნები ელვის სისწრაფით და რატომ იღებენ რეჟისორები სიამოვნებით ფილმებს მისი ნაწარმოებების მიხედვით.
ბოლო წლებია, ცნობილი მწერალი და სცენარისტი აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი - გიორგი ახვლედიანი) ლონდონში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ მხოლოდ საქართველოზე წერს, რადგან სხვაგვარად არ შეუძლია.

„როდესაც აკა მორჩილაძის წიგნებს კითხულობ, რაღაც უცნაურ, უჩვეულო სამყაროში ექცევი. ის იმდენად კინემატოგრაფიული და ტაქტილურია, რომ ავტომატურად გადადიხარ „მორჩილაძისეული სამყაროს" ტალღაზე, რომელსაც ასე ოსტატურად იგონებს მწერალი, და სიამოვნებით მოგზაურობ მის გმირებთან ერთად. მაგრამ მისი შემოქმედების მთავარი და უცვლელი შტრიხი – საქართველო და თავისუფლებაა. სწორედ მათ აცოცხლებს მწერალი სხვადასხვა ფორმით, სახით, ადამიანებითა და სიტყვებით თავისი საოცარი თხზულებების ფურცლებზე".

ანასტასია ხატიაშვილი

განათლებით ისტორიკოსი აკა მორჩილაძე 1966 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი რომანი და მოთხრობა, არის ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" ექვსგზის ლაურეატი. მორჩილაძის თხზულებებისა და სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები „გასეირნება ყარაბაღში", „გასეირნება ყარაბაღში 3", „შუამავალი" და სხვ.
საინტერესოა მწერლის ფსევდონიმის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, 90-იან წლებში, როდესაც აკა მორჩილაძე ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, რედაქციაში არასაკმარისი კორესპონდენტების გამო მას ერთდროულად რამდენიმე ფსევდონიმით წერა უწევდა.
„როგორც ხდება ხოლმე, როცა პატარა გაზეთია, იქ სამი ან ოთხი კაცი მუშაობს და ფსევდონიმებით წერა უწევთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დროს ასე იყო. მე მქონდა ხუთი ფსევდონიმი, ერთ-ერთი იყო აკა მორჩილაძე. რა იყო დანარჩენი? რა მნიშვნელობა აქვს. ერთი ქალი რეკავდა ხოლმე რედაქციაში, ერთს ლანძღავდა ხოლმე და მეორეს აქებდა, არადა ორივე მე ვიყავი. მერე რამდენიმე წიგნი დავწერე და ეს ფსევდონიმი ავირჩიე", – იხსენებს მწერალი.
ნიშანდობლივია, რომ აკა მორჩილაძე ხშირად ქმნის დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებებს და ამიტომ კრიტიკოსები და მკითხველები მას ხშირად ბორის აკუნინს ადარებენ. თუმცა ისტორიული დეტექტივის ჟანრში ექსპერიმენტების გარდა, იგი წერს რომანებს თანამედროვეობაზეც. და აქ უკვე სულ სხვა თემებია წამოჭრილი – ახლებური ურთიერთობები საზოგადოებაში, ელიტარულობა, სნობიზმი და ცხოვრება დღეს, აქ და ამჟამად.
აკა მორჩილაძე ნაწარმოებების შექმნის პროცესზე საუბრობს, იხსენებს კურიოზულ მომენტებსაც: „ჩემი ნაწარმოებების ბოლო როგორია? ხშირად გამიგია, რომ დაუსრულებელია, ან შუაში რაღაც აკლია... ამას განგებ არ ვაკეთებ... გული სადამდეც მიდის, იქამდე ვწერ ხოლმე. წიგნის დამთავრებაზე ერთ ასეთ რამეს მოვყვები: ჩემი ერთ-ერთი წიგნი "მესაიდუმლის ქამარი" რომ გამოიცა, ტექნიკური შეცდომის გამო 60 გვერდი, გადამწყვეტი თავები აკლია. დღემდე ასეა გამოცემული, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ აკლია".
როდესაც არ იცი, როგორ დაასრულო წიგნი, იფიქრე შექსპირზე და მის მომნუსხველ ნაწარმოებებზე, ურჩევს მორჩილაძე დამწყებ მწერლებს. „როცა გაგიჭირდება და ერთ სცენაში გინდა ჩაატიო ყველაფერი, მაშინ უნდა გაგახსენდეს შექსპირი და უცებ მიალაგებ ერთმანეთზე, შენც გული გაგიჩერდება და ხარ ასე სულ ნერვიულობაში", – ამბობს ავტორი. ნერვები – ეს ხომ ნებისმიერ წიგნში მთავარია.

„დიდი მწერლების შესახებ თუ წაიკითხავ, დილით ადრე უნდა ადგე და დაიწყო წერა, ერთი 6 საათი მაინც უნდა იმუშაო. როგორც ევროპის სამუშაო დღეა, დაახლოებით ისე. მე ასე არ გამომდის, ხშირად მეტსაც ვმუშაობ. როცა სცენარებს ვწერ, აი მაშინ ღამეებსაც ვათენებ. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთდროულად ვმუშაობ ორ ნაწარმოებზე, ეს ძირითადად მაშინ, როცა შეკვეთით მიწევს წერა, სამსახურივითაა. ჩვენნაირად რომანებს მსოფლიოში არავინ წერს, სულ სხვანაირად ვწერთ, მეტი თავისუფლება გვაქვს წერის დროს. იქ ამდენი ფუფუნება არ აქვთ, უფრო ზუსტია ხოლმე ყველაფერი", – აღიარებს მწერალი.

აკა მორჩილაძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ნაწარმოებებს, რომლებმაც მას სახელი გაუთქვა: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები", „მოგზაურობა ყარაბაღში", „აგვისტოს პასიანსი", „სხვა", „სანტა-ესპერანსა", მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან", „გაქრები მადათოვზე?", „ვეშაპი მადათოვზე").
„მე მომწონს წერის პროცესი და არა შემდგომი", – ამბობს მწერალი.
აკა მორჩილაძეს უყვარს ფეხბურთი, კრივი და ქანთრის ჟანრის მუსიკა, ასევე პასიური დასვენება. „დასვენება არის, რომ წევხარ, ხმას არ იღებ და არ ფიქრობ. სხვანაირი დასვენება არ ვიცი. ეგრე იყო ილია ჭავჭავაძე. წაკითხული მაქვს – რომ დაწერდა, ერთი კვირა იწვა, ხმას არ იღებდა და ეწეოდა... აბა, ორმოც ხინკალს რომ შეჭამ, ეს რა დასვენებაა?! მერე იქიდან წამოხვალ, ბიჭები დაგხვდებიან, მერე მეზობლები მიგიპატიჟებენ და ა.შ. ეს დასვენებაა? ეს მუშაობაა, მართალია, შენი სიამოვნებისთვის, მაგრამ მაინც მუშაობაა".
აკა მორჩილაძეს არა მარტო წერა, არამედ კითხვაც იტაცებს. უყვარს ჩილელი მწერალი რობერტო ბოლანიო, არგენტინელი ხულიო კორტასარი, სტენდალი. „საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ფრანგები უნდა იკითხოთ ყველა დროის", – გვირჩევს აკა მორჩილაძე.
ყველა ახალი ამბავი
0