„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტის შენობასთან გზა გადაკეტა

გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით 9 ნოემბრის საღამოს კვლავ შეკრიბეს მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტეს.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ახლა სამ ძირითად მოთხოვნას აყენებენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს უახლოესი გეგმები გააცნო. ოთხშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისში რამდენიმე სამთავრობო უწყების პიკეტირებას აპირებენ.
„ღამის აქცია არ არის სავალდებულო — ეს არარაციონალური და არაპრაგმატულია. მაგრამ დილით მთელი თბილისის მასშტაბით საპროტესტო აქციას მოვაწყობთ“, – განაცხადა მელიამ.
სახელმწიფო უწყებებთან დილის საპროტესტო აქციის შემდეგ, ოთხშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მისვლას აპირებენ, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში რუსთავის №12 ციხიდან ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სააკაშვილი, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოეთავსებინათ. ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ყველა ახალი ამბავი
0