დაკავებების დღე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში ერთდროულად სამი ხმაურიანი აქცია ჩაატარა

გამოწერა
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე თბილისში 46 ადამიანი დააკავეს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციები საქართველოს იუსტიციის, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან ერთმანეთის პარალელურად გამართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის დარღვევის, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველების საქმიანობას და არ გასცდნენ კანონს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
აქციების დასრულების შემდეგ, დღის პირველ საათზე დემონსტრანტები თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის შესახებ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობდა. თავად სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე არ მიუყვანიათ.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის სასტიკი დარბევა, უშიშროების ძალების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში შეჭრა, ტელევიზიის დარბევა და მისი მფლობელის, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს – „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის, საზოგადოების ან სახელმწიფოს უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევა“. აღნიშნული მუხლი ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0