კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის მოწყობის ინიციატივით გამოდის

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
მემორიალის მოწყობა ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის ფარგლებში იგეგმება, რაც ცენტრალური შადრევნისა და კასკადის რეაბილიტაციას გულისხმობს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში საქართველოს გმირების მემორიალის დადგმის ინიციატივით გამოვიდა, ამის შესახებ კალაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე ჩართვისას განაცხადა.
ვაკის პარკი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონაა, რომლის ცენტრალურ ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
2021 წლის თებერვლიდან ვაკის პარკი სრულმასშტაბიანი რემონტის ჩასატარებლად მთლიანად დაიკეტა, უკვე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს საქართველოს გმირების მემორიალი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების პატივისცემისა და მათი სულების უკვდავსაყოფად. მას ასევე ექნება ისტორიული ექსკურსის დატვირთვა ჩვენი მოქალაქეებისა და თბილისის სტუმრებისთვის", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გმირების მემორიალთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ.
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
როგორი იქნება განახლებული ვაკის პარკი: სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
„ჩვენს გმირებთან დაკავშირებით მომავალმა თაობებმა უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიიღონ. მათი ბრძოლისუნარიანობისა და თავგანწირვის საოცარი ისტორიებია. ამიტომაც ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი პროექტის ვაკის პარკის ტერიტორიაზე განხორციელების შესაძლებლობა", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ვაკის პარკი 1946 წელს ტრიალ მინდორზე გაშენდა. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაფართოვდა, მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. ვაკის პარკს კუს ტბის ტერიტორია შემოუერთდა და მისი საზღვრები 18-დან 34 ჰექტრამდე გაიზარდა. აქ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლი ანთია. ეს არის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შეხვედრის ტრადიციული ადგილი 9 მაისს.
ყველა ახალი ამბავი
0