ღია წერილი პრემიერსა და პრეზიდენტს: რას მოითხოვენ ხელოვანები

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
წერილს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები 100-ზე მეტი ხელოვანი აწერს ხელს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მწერლებმა, კინოს, თეატრის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს.
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი 39-ე დღეა შიმშილობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და კრიტიკულ ზღვარს აღწევს.
კულტურის სფეროს მოღვაწეთა წერილის ადრესატები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არიან.
სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
ოპოზიციამ ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთვის 24 საათი მისცა
„ჩვენ, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, მუსიკისა თუ კულტურის სხვა სფეროში მომუშავე ადამიანები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად, მოგმართავთ და მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ დახმარება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და გადაიყვანოთ ის ისეთ კლინიკაში, როგორსაც გაეწია რეკომენდაცია ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის მიერ", – ნათქვამია წერილში.
ღია წერილს სხვადასხვა სფეროს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს ხელს, მათ შორის, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, მწერალი რატი ამაღლობელი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ა.შ.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
ყველა ახალი ამბავი
0