პარლამენტის თავმჯდომარე მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა

© Government of Georgiaკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, მასმედიის გარეშე გაიმართა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მოინახულა.
როგორც კუჭავამ განაცხადა, შეხვედრის მიზანი ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ხოშტარიამ, ხოლო თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება ელენე ხოშტარიასთან კავშირზე.

„არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“, – განაცხადა კუჭავამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია.
ხოშტარიას განცხადებით, ის ჯერჯერობით თავს კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ თუ გარკვეული დროის შემდეგ მის მოთხოვნაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ იქნება, პროტესტის ფორმას გაამწვავებს. თუმცა არ აკონკრეტებს, ამას როგორ აპირებს.
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა
რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები (კახა კუჭავას), თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი ჩემი ადამიანურად მოკითხვა იყო. ქართული ოცნებისგან" მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს... შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ ამ პროტესტის გამწვავებაზე", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 3 ნოემბერს გამოაცხადა. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს – გადაიყვანონ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
დეპუტატის თქმით, მან პროტესტის ადგილად პარლამენტი შეარჩია, რადგან ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ის არ აღიარებს.
სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
ყველა ახალი ამბავი
0