ზახაროვა: „3+3“ ფორმატი ამიერკავკასიაში ყველა მისი სავარაუდო მონაწილის ინტერესს ემსახურება

© Maria Zakharova / Telegramმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
გამოწერა
მისი სიტყვებით, ფორმატმა უნდა შესთავაზოს მონაწილეებს როგორც ძველი პრობლემების, ისე ახალი გამოწვევების მოგვარება.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი "3+3" ფორმატის შექმნის იდეას, ერთი მხრივ, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს, მეორე მხრივ კი, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ განიხილა "3+3" ფორმატის შექმნის ინიციატივა რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების გახსნის საკითხზე.

„მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, ეს გეგმები პრაქტიკულ სიბრტყეში გადავიტანოთ. მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის განვითარება აღნიშნული ფორმატის ყველა სავარაუდო მონაწილის ინტერესებს ემსახურება. ჩვენი აზრით, მისი ამოქმედება ხელს შეუწყობდა სახელმწიფოთშორის ურთიერთობებში ნდობის ამაღლებას, არსებული წინააღმდეგობების დარეგულირებას, რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის გახსნას. საკითხი ბევრია, მით უმეტეს, ახლა მრავალი წინაპირობაა პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის სახით, რომელმაც ახალი აქცენტები გააჩინა. ამიტომ ფორმატს აქვს ამის შესაძლებლობა და მან უნდა შესთავაზოს (მონაწილეებს) როგორც ძველი პრობლემების, ისე ახალი გამოწვევების მოგვარება“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

როგორც ამას წინათ ლავროვმა აღნიშნა, ირანს, ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანს ამ ინიციატივის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამიერკავკასიის განვითარების საკითხებზე გადაწყვეტილებების შეთანხმებისა და კონსულტაციების ასეთი მექანიზმის შექმნით დაინტერესდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება "3+3" ფორმატში მონაწილეობა რუსეთთან ერთად, თუმცა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი მსხვილ გეოპოლიტიკურ პროექტებში.
რუსეთსა და საქართველოს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების გამო.
ყველა ახალი ამბავი
0